დღეს აბიტურიენტებისთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია ჩარიცხვებისა და გრანტების შესახებ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფო გორგოძის განმარტებით, წელს გრანტი 6650-მდე აბიტურიენტმა მოიპოვა. გრანტები ასე გადანაწილდა:
100%-იანი დაფინანსება მიიღო 1000-ზე მეტმა, 70%-იანი დაფინანსება – 1500-მდე, 50%-იანი გრანტი კი 4000-ზე მეტმა აბიტურიენტმა დაიმსახურა.
ამასთან, წინა წელს თუ შევადარებთ, შარშან სტუდენტი გახდა რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 71%, წელს კი – 75%.
„2020 წელს უმაღლეს დაწესებულებებში სწავლას გააგრძელებს 29 614 აბიტურიენტი. ვულოცავ თითოეულ მათგანს და წარმატებებს ვუსურვებ ცხოვრების ახალ ეტაპზე.
მათ კი, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შეძლეს წელს ამ არც თუ ისე მარტივ პერიოდში საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა, ვთხოვ არ დაკარგონ მოტივაცია – უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მომავალშიც ექნებათ.
ეს წელი გამოცდა იყო თავად ცენტრისთვისაც, რადგანაც მას უპრეცენდენტოდ რთულ ვითარებაში მოუწია სხვადასხვა გამოცდის ჩატარება დაახლოებით 70.000 ადამიანისათვის. მადლობას ვუხდი პროცესში ჩართულ თითოეულ პიროვნებას, რომელმაც საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საგამოცდო პროცესს გართულებების გარეშე, ობიექტურად, გამოსაცდელებისათვის მაქსიმალურად კომფორტულად და უსაფრთხოდ ჩაევლო.
მინდა შევახსენო იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, რომ რეგისტრაციის გასავლელად უშუალოდ უნდა მიმართონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს“,- ამბობს სოფო გორგოძე.











