ახალქალაქში მომხდარ მკვლელობას ქალაქში არეულობა მოყვა. მოკლულის ოჯახის წევრებმა, რომლებიც გულიკამის მკვიდრნი არიან, სასტუმრო „არტსერგი“ დაარბიეს და ოთხ სახლს ცეცხლი წაუკიდეს.
როგორც „პრაიმტაიმ ნიუსს“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ცეცხლის ყველა კერა ლიკვიდირებულია.
„ახალქალაქში ცეცხლის ყველა ღია კერა ლიკვიდირებულია, დაშავებული არავინაა“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 27 წლის მამაკაცი დაიღუპა. ამ ეტაპზე, შსს გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობის) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით აწარმოებს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.











