გერმანიიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დავით ჭაკუას ექსტრადირების ფაქტს „ნაციონალურ მოძრაობაში“ კონტრარგუმენტებით კიდევ ერთხელ პასუხობენ და ჭაკუას საქმესთან დაკავშირებით, ბრალდებულ პირთა წრის შესაძლო გაზრდას ეხმაურებიან.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს ერთ-ერთმა წევრმა გიორგი ბარამიძემ „პრაიმტაიმთან“ განაცხადა, „ამ თემებზე „ოცნებას” სალაპარაკო არაფერი აქვს”, რადგან მმართველმა პარტიამ წინა ხელისუფლების ის კადრები, რომლებიც „ციხის სკანდალთან“ იყვნენ დაკავშირებულები, არათუ გადმოიბარა, არამედ დააწინაურა.
„თუ რამე აქვთ გასარკვევი, აქამდე თუ ვერ გაარკვიეს, ნებისმიერ ადამიანთან მიმართებით გაარკვიონ. საერთოდ არ მესმის, რატომ ახდენენ ამ თემის პოლიტიზაციას და ამ თემაზე სპეკულაციას. იმიტომ, რომ ციხეებთან ვინც იყო დაკავშირებული, ამ ხელისუფლებამ არათუ გადმოიბარა, არამედ დააწინაურა.
ციხეებში, პროკურატურაში, საგადასახდოებში ვინც იყვნენ, ვის მიმართაც პრეტენზია არსებობდა, ისინი ყველა ამ ხელისუფლებამ გადმოიბარა და დააწინაურა. ხელისუფლებას რა აქვს ამ თემაზე სალაპარაკო, არ ვიცი“,- განაცხადა ბარამიძემ.
ინფორმაციისთვის, გერმანიიდან საქართველოში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, დავით ჭაკუა ექსტრადირება რამდენიმე დღის წინ განხორციელდა.
დავით ჭაკუა, რომელიც საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ იძებნებოდა არაერთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის:
„პატიმართა მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის, იგივე დანაშაულების წაქეზებისთვის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის, დანაშაულთა პროვოკაციის წაქეზებისთვის და მოწმეზე ზემოქმედების განხორციელებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ხსენებული დანაშაულები დაკავშირებულია ე.წ. 2006 წლის ,,ციხის ბუნტისა“ და 2012 წლის ,,ციხის კადრების“ საქმეებთან. ამასთან, პირველ შემთხვევაში, დავით ჭაკუას დაუსწრებლად მისჯილი აქვს 3 წლისა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა და ასევე ჩამორთმეული აქვს სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. რაც შეეხება ე.წ. ,,ციხის კადრების“ საქმეს, იგი ამ ეტაპზე სასამართლო განხილვის სტადიაზეა და საქართველოს პროკურატურას აქვს მოლოდინი, რომ მოცემულ საქმეზეც დადგება გამამტყუნებელი განაჩენი”.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე









