წელს გურიის რეგიონში პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებისა და ეპიდსიტუაციის გამო, არცერთი საახალწლო ღონისძიება არ გაიმართება.
შეკვეცილია სამივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. თუმცა ოზურგეთის მერიამ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, გამოცხადებული ტენდერი ჩახსნა და გადაწყვიტა, 2021 წელს, წინა წლებში შეძენილი ნაძვის ხით და განათებებით შეხვდეს.
ის მიზერული თანხა კი რაც ბიუჯეტიდან ახალი წლისთვის გამოიყო, ძველი დეკორაციების შეკეთებას მოხმარდება.
„ოზურგეთში როგორც დაგეგმილი იყო ბიუჯეტიდან 12 ათასი ლარი უნდა გამოყოფილიყო წინასაახალწლო სამზადისისთვის, თუმცა ეპიდსიტუაციის გამო, ტენდერი ჩაიხსნა, მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ქალაქი წინა წლებში შეძენილი ნაძვის ხით და საახალწლო განათებებით მოირთვება, ხოლო, ბიუჯეტი მხოლოდ 1150 ლარს შეადგენს, რაც არსებული განათებების შესაკეთებლად გამოიყო. დაზოგილი თანხები სოციალურ ნაწილში გადაინაცვლებს და საახალწლო კალათა უფრო მეტ ბენეფიციარს შეხვდება“, – ამბობს განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, მანანა ჯაფარიძე.











