„WHO-სა და ჩინეთის მიერ ჩატარებული ერთობლივი კვლევის მიხედვით, სავარაუდოა ვერსია, რომ კორონავირუსი ღამურებისგან ჯერ სხვა ცხოველს გადაედო, შემდეგ კი ადამიანებში გავრცელდა. ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვის ვერსია „ნაკლებად სავარაუდოა“. თუმცა, მეცნიერები არც ღამურებისგან პირდაპირი გადაცემის ვარიანტს გამორიცხავენ.
ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცნობისთვის, ჯანმოსა და ჩინეთის ერთობლივი კვლევის შედეგების გამოქვეყნება დროებით გადაიდო. როგორც WHO-ს წარმომადგენელმა განაცხადა, შედეგები უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება.
Associated Press-ის განცხადებით, მათ მიერ მოპოვებული დოკუმენტაცია კვლევის საბოლოო ვერსიასთან ძალიან ახლოსაა.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები კორონავირუსის წარმოშობის გამოსაკვლევად უჰანში 14 იანვარს ჩავიდნენ.











