თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაღში 12 ოქტომბერს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი არ განახლდება. 34-ე საბავშვო ბაგა-ბაღი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ მათი თანამშრომელი არის ერთ-ერთი კოვიდინფიცირებულის კონტაქტი. საკარანტინო პერიოდის გასვლამდე, ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაშია.
„ძვირფასო მშობლებო და ბავშვებო! ჩვენც თქვენთან ერთად მოუთმენლად ველით როდის განახლდება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ჩვენ საბავშვო ბაგა-ბაღში! როგორც ცნობილია საბავშვო ბაგა-ბაღები ხვალიდან, 2020 წლის 12 ოქტომბრიდან განაახლებენ მუშაობას. ჩვენ საბავშვო ბაღში კი ეს დღე დაახლოებით 10-12 დღით გადაიწევს. სამწუხაროდ ჩვენი ერთი თანამშრომელი არის ერთ-ერთი ე.წ. კოვიდინფიცირებულის კონტაქტი და მისი საკარანტინო პერიოდის გასვლამდე ყველა თანამშრომელი გაშვებულია თვითიზოლაციაში. ჩვენც ძალიან განვიცდით ან ამბავს და გვინდა რაც შეიძლება მალე შევხვდეთ ჩვენ პატარებს.
იმედია ცოტასაც მოითმენთ და სულ მალე ავაჟრიამულებთ ჩვენი ბაგა-ბაღის კედლებს. ნუ რა თქმა უნდა, შესაბამისი რეგულაციების დაცვის ფარგლებში. ბოდიშს გიხდით რომ ვერ ვიხსნებით 12-ში და წინასწარ გიხდით დიდ მადლობას თანადგომისთვის!
P.S. იმათ საყურადღებოდ, ვისაც ჯერ არ მიგიღიათ მე-IX ეტაპის პროდუქტების კალათა!!! პროდუქტების გადმოგეცემათ თბილისის მე-10 საბავშვო ბაგა-ბაღში. მისამართზე პაატა სააკაძის N21. ყველას აუცილებლად დაგიკავშირდებათ თქვენი ბავშვის აღმზრდელი და გეტყვით ზუსტ დროს როდის შეგეძლებათ პროდუქტებზე მისვლა. აქვე დიდ მადლობას გადავუხდი მე-10 ბაგა-ბაღის დირექტორს ქალბატონ მეგი აბესაძეს და მთელ კოლექტივს დახმარებისთვის და რთულ პერიოდში გვერდში დგომისთვის კიდევ ერთხელ ყველას მადლობა და შეხვედრამდე უკვე ჩვენთან ბაღში!”- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მე-100 საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია წერს, რომ მათი ერთ-ერთი თანამშრომლის შვილს დაუდასტურდა კორონავირუსი, მეორე თანამშრომლის შვილს კი კონტაქტი ჰქონდა კოვიდინფიცირებულთან.
ეს თანამშრომლები თვითიზოლაციაში დაკვირვების ქვეშ არიან და ვიდრე არ დარწმუნდებიან, რომ ინფიცირებული არ არიან, ბაღი ვერ გაიხსნება.
გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბერს არ დაიწყება თბილისის 23-ე, 171-ე და 111-ე საბავშვო ბაღებში.
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში ამ ეტაპზე კომენტარი არ კეთდება.











