დაუჭერს თუ არა მხარს არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიცია დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატს, პარტია „გირჩის“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს, ჯერჯერობით, უცნობია. ამ საკითხთან დაკავშირებით, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე „პრაიმტაიმნიუსთან“ მოკლე კომენტარს აკეთებს.
როგორც ბარამიძემ სააგენტოსთან განაცხადა, პარტია ამ საკითხზე გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ კონსულტაციებს გამართავს. აღნიშნულ საკითხზე დემატებით კომენტარს არც “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი რომან გოცირიძე აკეთებს.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, “ევროპულ საქართველოში” მზაობას გამოთქვამენ, რომ ჯაფარიძე გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი იყოს. ამის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში გიგი უგულავა ავრცელებს.
“საინტერესო და განსხვავებული ორთაბრძოლა იქნება დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში. ცეკას ინსტრუქტორი ოცნებიდან გია ვოლსკი და Zurab Girchi Japaridze . “ევროპული საქართველო” მზად ვართ ზურასთან ერთად ჩავერთოთ დესოვიეტიზაციის კამპანიაში. დიახ, ზუსტად ასე იქნება, დიდუბე-ჩუღურეთში დამარცხდება მენტალურად საბჭოთა და გეოპოლიტიკურად რუსული მმართველობა.
ჩვენ მზად ვართ ზურასთან ერთად ჩვენს კოლეგა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციისთვის, რომ სწორედ ზურა იყოს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე – წარმატება და გამარჯვება შენ”,- წერს გიგი უგულავა.
ინფორმაციისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს.
დაასახელებს თუ არა ამავე ოლქში „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ მაჟორიტარობის კანდიდატს, ჯერჯერობით, უცნობია. პარტიის ერთ-ერთმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას არ გამორიცხა, რომ პარტიამ დიდუბე-ჩუღურეთისა და საბურთალოს ოლქში საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინოს.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











