უკვე მეორე დღეა, რაც გიგი უგულავა მარნეულის დროებითი დაკავების იზოლატორშია.
ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის ინფორმაციით, ის უკანონოდაა დაკავებული. მისივე თქმით, სამართლებრივი პროცედურები დიდი ალბათობით, დღეს საღამოს ან ხვალ დაიწყება.
„ჩვენ მოვიპოვეთ უწყვეტი კადრები, სადაც ჩანს, რომ გიგი არავითარ წვრილმან ხულიგნობას არ ჩადის და არც პოლიციის დაუმორჩილებლობას აქვს ადგილი. პირდაპირ, პოლიციის მაღალჩინოსანი მიდის და აკავებს, ეს ჩანს კადრებში, რომელსაც სასამართლოზე წარვადგენთ.
ბოლო თვეების განმავლობაში ჩვეული პრაქტიკაა ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი – პოლიცია იყენებს ნებისმიერი თავისუფალი პროტესტის გამოხატვის დროს, რომ მოქალაქეები, პოლიტიკურად აქტიური პირები დააშინოს, რომ აღარ მიიღონ მონაწილეობა მშვიდობიან აქციებში“, – განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.
ცნობისთვის, გიგი უგულავა გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
უგულავა პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული.











