პარტია „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერმა პაატა დავითაიამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა ერთიანი საარჩევნო ბლოკის სახით უნდა მიიღოს.
„თუ ხელისუფლების ცვლილებას ვაპირებთ, უნდა გაკეთდეს განაცხადი, რომ ვართ ერთიანი საარჩევნო ბლოკი, რომ ერთიანი ჩრდილოვანი კაბინეტი გამოცხადდეს, ვინც მომავალში ამ ხელისუფლებას შეცვლის, ამომრჩეველმა უნდა იცოდეს რა იქნება მერე.
მე მექნება კონკრეტული საკითხები, რასაც დღეს დავაყენებ, მაინტერესებს ოპოზიციის შემდეგი ქმედება. თუ ოპოზიცია ერთიანია და ვატარებთ შემდგომ არჩევნებს, ისევ ასე ჩავატარებთ? ისევ ასე ცალკე ვაპირებთ ბრძოლას ხელისუფლების წინააღმდეგ? საუბარია იმაზე, რომ თუ ხელისუფლების შეცვლა გვინდა, ერთიანები უნდა ვიყოთ საარჩევნო სისტემაში. ჩვენ არ ვართ ერთიანი, რამდენი საარჩევნო ბლოკია, რამდენი პარტია ცალკე გავიდა, ამიტომ ვამბობ, რომ თუ ხელისუფლების ცვლილებას ვაპირებთ, ერთიანად უნდა დავსახოთ როგორ ვგეგმავთ ამას, რა სისტემით ვაპირებთ ცვლილებას, როგორი საარჩევნო კოდექსი იქნება. ცალ-ცალკე ფორმატებით ლაპარაკი შედეგს ვერ მოიტანს, ვადამდელი არჩევნებიც რომ იყოს, იგივე შედეგი დადგება რაც არის თუ ერთიანი სისტემა არ იქნება ჩამოყალიბებული. თუ ხელისუფლების ცვლილება გვინდა, ასე გაგრძელება არ შეიძლება. ერთიანი სია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა და მათ ბლოკში ერთიანობას შეუშალეს ხელი, ამიტომაცაა ასეთი შედეგი“, – აღნიშნა მან.











