გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
„10 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება მკვეთრად დაიძაბა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია 4 გარდაცვლილი და 7 დაჭრილი ბავშვის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ საბრძოლო მოქმედებები არ შეწყდება, ეს ციფრი ტრაგიკულად გაიზრდება. საომარი მოქმედებების შედეგად ნადგურდება საცხოვრებელი სახლები, სკოლები და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაიცვას სამოქალაქო პირები და ინფრასტრუქტურა. საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა ყოველი ბავშვის ინტერესებში შედის“, – ნათქვამია Unicef-ის განცხადებაში.
შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება 27 სექტემბერს, გამთენიისას დაიძაბა.











