უსაფრთხოების ზომების კრიტიკული დარღვევების გამო, სექტემბერში ათამდე ობიექტი დაჯარიმდა,- ამის შესახებ ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსებს, მიკროავტობუსებს – ბოლო პერიოდის განმავლობაში, აქტიურად ვახდენთ ზედამხედველობას. არ იძვრება მიკროავტობუსი, ვიდრე კონკრეტული მგზავრი პირბადეს არ გაიკეთებს. როცა გეგმიური შემოწმება გვაქვს, ასეთ შემთხვევაში, მგზავრი ან ჩადის ტრანსპორტიდან, ან ტარდება სანქცია. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ სხვადასხვა კომპანიას, დამსაქმებელსა და დასაქმებულს პირბადის ტარებისკენ. ესაა მათივე უსაფრთხოებისთვის და, ზოგადად, ჩვენი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებისთვის. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა კრიტიკული დარღვევები გვხვდება და მიმდინარე თვის განმავლობაში, ასეთი იყო ათამდე ობიექტი, სადაც გამოვიყენეთ სანქცირების მექანიზმი. ეს გულისხმობს 2 000 ლარს ფიზიკური პირის მიმართ და იურიდიული პირის მიმართ – 10 000 ლარის ოდენობით“ – განაცხადა ბექა ფერაძემ.











