„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საელჩოებსა და ელჩებზე თავდასხმები კატეგორიულად მიუღებელია.
“მე ვემიჯნები ყველა თავდასხმას ელჩებთან მიმართებით, იმიტომ რომ, ისინი ჩვენი პარტნიორები არიან. მათ რომელიმე მხარის პოზიცია კი არ უნდა დაიჭირონ, არამედ ამ შემთხვევაში, ფასილიტაცია და შეთანხმებისკენ სვლა უნდა მოახდინონ. მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ძალიან დიდი პერსონალური წნეხის წინაშე არიან მათი ოჯახის წევრები და ყოველთვის ვუგულშემატკივრობ. ყველანაირად გვერდში დავუდგები ამ ადამიანებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შეტევა საელჩოებზე და ელჩებზე არ მგონია, რომ სწორი იყოს ამ შემთხვევაში.
ჩემი აზრით, ეს არის უფრო კონკრეტული ადამიანების პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით, არცერთ პოლიტიკურ პარტიას მსგავსი პოზიცია არ გამოუხატავს, ცალკეულ პირებს, ჟურნალისტებს და ნებისმიერ სხვა ადამიანებს შეუძლია ჰქონდეთ საკუთარი აზრი. მე არ მეგულება, ამ ეტაპზე, არცერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, რომელიც, დღეის მდგომარეობით, თავდასხმას ახორციელებს ამერიკის ან ევროკავშირის საელჩოებზე. რაც შეეხება გამართლებულია თუ არა, პოლიტიკოსებს, რომ გაეკეთებინათ ეს განცხადება, მანდ უფრო თავისუფალი ვიქნებოდი შეფასებაში, ჟურნალისტიკის თვალსაზრისით ყველას შეუძლია საკუთარი პოზიცია ქონდეს. ჩემთვის, კიდევ ერთხელ ვამბობ, კატეგორიულად მიუღებელია საელჩოებსა და ელჩებზე თავდასხმები. მინდა, რომ მადლობა ვუთხრა მათ იმისთვის, რასაც აკეთებენ და მაქვს იმედი, რომ ამ მნიშვნელოვან გზას გააგრძელებენ, მათ შორის ქალბატონი დეგნანი და ბატონი ჰარცელი, რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის მეგობრები და დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა მათ იმ საქმისთვის”, – განაცხადა ვაშაძემ.










