„ჯერ ბოდიში უნდა მოვუხადო საზოგადოებას… ყველას ოპოზიციიდან, ვინც გაბედავს, შევა პარლამენტში და ხალხს, თავის ამომრჩეველს უღალატებს, ნებისმიერს ასე მოუწევს“, – ამის შესახებ განაცხადა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” წევრმა ირაკლი ფანგანმა, რომელმაც აჭარის დეპუტატს თავზე ნაგავი დააყარა.
კითხვაზე, მომავალშიც გაიმეორებს თუ არა იმაზე საქციელს, ფანგანი პასუხობს:
„მომავალში, შეიძლება, მე მე არა, მაგრამ სხვა გააკეთებს იგივეს, ვინც შევა პარლამენტში და თავის ამომრჩეველს და ხალხს უღალატებს“,- განაცხადა ფანგანმა.
შეგახსენებთ, ირაკლი ფანგანს ბრალდება დღეს წარედგინა და შემდეგ გათავისუფლდა, ვინაიდან პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 23 იანვარს, ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ი.ჩ.-ს გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტები დამამცირებელი სიტყვებით მიმართავდნენ, რა დროსაც ი.ჩ.-ს, მისი პოლიტიკური მოღვაწეობის გამო უარყოფითად განწყობილმა ი.ფ.-მ თავზე ნაგავი დააყარა, რითაც განახორციელა ი.ჩ.-ს დევნა ძალადობით, მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. სამართალდამცველებმა ი.ფ. 24 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.











