უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილი ურაბნული განვითარების საბჭოდან მოხსნეს.
„სააკაშვილის მემატიანედ ვერ გამოვდგები, მაგრამ რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ, სადაც გაიხიზნა, ჩვენი მოქალაქეობა ეგრევე დახია, უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და მერე უკრაინას ეფიცებოდა სიყვარულს. იქაც კი იმ დროს პირველი პრეზიდენტი ვინც იყო, იმანაც დაგმო. ახლა მეორე, ზელენსკიც უკვე მიხვდა, რასთან აქვს საქმე და შესაბამისად, ეტაპობრივად ხდება გადაწყვეტილებების მიღება. ურბანული საბჭოდან გამოაგდეს. ეს მათი არჩევანია, იქაური მოქალაქეა, უბრალოდ, საქართველოს ნუ შეეხება, პროვოკაციულ განცხადებებს ნუ გააკეთებს. როგორც მან თქვა, უკრაინა მისი სამშობლოა, შესაბამისად, სად იქნება და როგორ იქნება, ეს კითხვა ზელენსკის ეკუთვნის“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი ურბანული დაგეგმარების საბჭოს ჩამოაშორა.











