დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას პასუხობს, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების შესაგროვებლად გადასვლას ეხებოდა.
ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ამ ზღაპარს მისი შვილიშვილებიც არ დაიჯერებენ.
მისივე თქმით, ლუგარის ცენტრში არის ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ღამურებზე კვლევებს აწარმოებენ და ამაში დასამალი არაფერია.
„ღამურები მთელი რიგი მიმართულებებით არიან ძალიან საინტერესო კვლევებისთვის. ჩვენ, საქართველოში, ღამურებში ვეძებდით, ხომ არ იყო ცოფის ან ზოგიერთი სხვა დაავადების გადამტანი. ღამურები არ აღმოჩნდნენ ცოფის გადამტანები. ახალ კორონავირუსებსაც ვეძებდით, მაგრამ არც ისინი აღმოჩნდა. მანამდე ოთხი სხვა კორონავირუსი, რომლის დიაგნოზსაც ჩვენ ვსვამდით, იყო. რასაც ახლა მედიასაშუალებები ავრცელებენ, რაღაც მოგონილი და თითიდან გამოწოვილია. არ ვიცი რატომ, მაგრამ ადამიანს ათქმევინეს, ეს მხოლოდ და მხოლოდ ღიმილისმომგვრელია, იმდენად არასერიოზულია ეს ყველაფერი, ამაზე კომენტარიც არ შეიძლება გაკეთდეს. ადამიანი თურმე წავიდა, რათა იქ ღამურა დაეჭირა და მერე ლუგარის ცენტრისთვის მიეყიდა, ეს ისეთი ზღაპარია, რომელსაც არც ერთი ჩემი შვილიშვილი არ დაიჯერებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ე.წ. საზღვარზე დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი ცხინვალის კონტროლირებად ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად გადადიოდა, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრზე ჰყიდდა.
ხვიჩა მღებრიშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის 3 ივლისს დააკავეს.











