ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრამდე რამდენიმე დღე რჩება. ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა, რომელსაც მსოფლიო მოუთმენლად ელის, 16 ივნისს, ჟენევაში გაიმართება.
სავარაუდოდ, ეს მეგობრული შეხვედრა სულაც არ იქნება. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა აშშ „არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანა“. მარტის თვეში გამართული ერთ-ერთი ინტერვიუს დროს კი ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს მკვლელი უწოდა.
ამასთანავე, ორივე მხარე აცხადებს, რომ მათი ურთიერთობა ფსკერზეა. არც რუსეთსა და არც აშშ-ს ერთმანეთის ქვეყნებში ელჩები არ ჰყავთ. ასევე, აშშ-მ უკრაინის ანექსიის, ამერიკის არჩევნებში შესაძლო ჩარევასა და მავნე კიბერაქტივობასთან დაკავშირებით, რუსეთს სანქციები დაუწესა.
|რატომ არის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი
სიმბოლური მნიშვნელობა
რუსეთის საერთაშორისო საქმეთა საბჭოს (RIAC) კვლევითი ცენტრის დირექტორის, ანდრეი კორტუნოვის განცხადებით, სამიტი სიმბოლური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია.
„პუტინისთვის სიმბოლიზმი უმნიშვნელო სულაც არ არის. კერძოდ, შეხვედრა ბაიდენის გაპრეზიდენტებიდან მალევე იმართება. ამას ემატება ისიც, რომ ეს ბაიდენის პირველი საერთაშორისო ვიზიტია და თან მისივე ინიციატივით იმართება. შესაბამისად, ეს ყველაფერი ბონუს ქულებია კრემლისთვის“,- აცხადებს კორტუნოვი.
პოლიტიკის ანალიტიკოსის, ლილია შევცოვას მოსაზრებით, პუტინს უნდა ბაიდენის ტოლად იგრძნოს თავი.
„პუტინს სურს, რომ შესაბამისი პატივი სცენ. მას საკუთარი ძალის დემონსტრაცია სურს. უნდა აჩვენოს მსოფლიოს, რომ თვითონაც საკმაოდ მაგარი და კუნთებიანია“,- ამბობს შევცოვა.
|რა დატვირთვა აქვს ჟენევას?
აღსანიშნავია, რომ 1985–1988 წლების საბჭოთა და ამერიკული სამიტების სერიიდან პირველი, რომელმაც ძირფესვიანად შეცვალა ურთიერთობა და სრულიად საერთაშორისო გარემო სწორედ ჟენევაში მიხეილ გორბაჩოვისა და რონალდ რეიგანს შორის გაიმართა. ამ შეხვედრის შემდეგ ორი ზესახელმწიფო „ცივი ომის“ ღია კონფრონტაციიდან კომპრომისებისა და შეთანხმების პოლიტიკაზე გადაერთო.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ-ს რუსეთთან სტაბილური და უფრო პროგნოზირებადი ურთიერთობა სურს.
„არის ორი, რამ რასაც ბაიდენი პუტინთან შეხვდრის დროს გააკეთებს. პირველი – ის პუტინს პირდაპირ ეტყვის, რომ აშშ-ს რუსეთთან სტაბილური და უფრო პროგნოზირებადი ურთიერთობა სურს. თუ ეს გამოვა და ქვეყნები სტაბილური ურთიერთობების უზრუნველყოფას შეძლებენ, არის სფეროები, სადაც თანამშრომლობა ორივე მხარის ინტერესებშია.
და მეორე, თუ რუსეთი აგრესიულ ქმედებებს გააგრძელებს, ვაშიგნტონი მას საკმაოდ ძლიერად უპასუხებს. რუსეთს თავისი ქმედებებით მოუწევს, გადაწყვიტოს, რომელი მიმართულებით სურს წასვლა“,- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა CBS-თან ინტერვიუში.
პოლიტიკის ანალიტიკოსი, ლილია შევცოვა მიიჩნევს, რომ ამ შეხვედრის მთავარი მიზანი მაინც იმის გაგება იქნება, თუ სად გადის წითელი ხაზები. ასევე, იმის განხილვა, რომ დიალოგი უფსკრულიდან ამოსვლის გზაა.
„ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია, რადგან თუ ისინი ერთმანეთში არ ისაუბრებენ მაშინ რუსეთის ქმედებები უფრო არაპროგნოზირებადი გახდება“,- ამბობს შევცოვა.

|რას ამბობს პუტინი
როგორც ვლადიმერ პუტინმა ერთ-ერთ სახელმწიფო ტელევიზიას განუცხადა, „არის სფეროები, სადაც თანამშრომლობა ორივე მხარის ინტერესებშია“.
რუსეთის პრეზიდენტმა ამის მაგალითად ბირთვული იარაღის კონტროლის შესახებ მოლაპარაკებები, რეგიონალური კონფლიქტები მათ შორის სირიასა და ლიბიაში, და კლიმატის ცვლილებები მოიყვანა.
„თუ ჩვენ აღნიშნულ საკითხებზე მუშაობის საერთო მექანიზმის შექმნას შევძლებთ, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამიტი უშედეგო არ იყო“,- განაცხადა პუტინმა.
ზოგიერთი რუსი ექსპერტი ვარაუდობს, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობა, შესაძლოა, „დიპლომატიურ ომებში“ გადაიზარდოს. ამ მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტი, რომ ბოლო წლებში აშშ-მ ქვეყნიდან ათობით რუსი დიპლომატი გააძევა. ასევე, აშშ შეხვედრაზე აუცილებლად წამოაყენებს დაპატიმრებული ამერიკელი მოქალაქეების საკითხს. მათი შორის ამერიკის ფლოტის ყოფილი საზღვაო ქვეითის პოლ უელანის საქმეს, რომელიც რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებითაა დაკავებული.
|რას უნდა ველოდოთ ჟენევის სამიტისგან – რა თემებს განიხილავენ პრეზიდენტები
თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯენ პსაკის განცხადებით, შეხვედრა „მწვავე საკითხების სრულ სპექტრს“ მოიცავს, რადგან აშშ რუსეთთან სტაბილური ურთიერთობის აღდგენას ცდილობს.
სამიტზე განსახილველი თემების მცირე ჩამონათვალი შემდეგდეგნაირად გამოიყურება: იარაღის კონტროლი, კლიმატის ცვლილებები, რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში, რუსეთის კიბერ-ჰაკერული საქმიანობა, მათ შორის 2020 წელს SolarWinds-ის თავდასხმა აშშ-ს მთავრობასა და კერძო კომპიუტერულ ქსელებზე, ალექსი ნავალნის საქმე, სანქციები, ირანი, ჩრდილოეთ კორეა, სირია, ავღანეთი, არქტიკა.
ბაიდენი ასევე განიხილავს ბელორუსის მიერ Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვებას მინსკში და დაადასტურებს შეერთებული შტატების ერთგულებას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი.
რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩის, მაიკლ მაკფოლის თქმით, შეხვედრა ხანგძლივი და დაძაბული იქნება. პუტინი ცნობილია იმით, რომ შეხვედრებზე საკმაოდ მომზადებული მიდის და მუდმივად მეტოქისთვის ლექციის წაკითხვისთვისაა მზად.
„ის მთლიანად დომინირებს. ამას ყველა ლიდერი არ აკეთებს. უმეტესობა მათგანი ემორჩილება და ითვალისწინებს ექსპერტების რჩევებს. პუტინი კი არავის ემორჩილება. ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ პუტინი 6 იანვარს აშშ-ს კაპიტოლიუმზე განხორციელებულ შტორმსაც გაიხსენებს“,- ამბობს მაკფოლი.
ანალიტიკოსი, ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ბაიდენ-პუტინის ამ შეხვედრას რაიმე სახის გარღვევა ან ახალი გადატვირთვის პოლიტიკა არ მოყვება. ამის შესახებ ანალიტიკოსი „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბარში აღნიშნავს.
„რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. თუმცა, მაინც მე პირადად არ ველოდები რაიმე სახის გარღვევას ან ახალ გადატვირთვის პოლიტიკას. თავის დროზე, 2009 წელს, ობამას ადმინისტრაციამ რუსეთს შესთავაზა გადატვირთვის პოლიტიკა. რამდენიმე წლის განმავლობაში ეს გადატვირთვის პოლიტიკა ნაწილობრივ მუშაობდა. თუმცა, ამ შეხვედრაზე არ მაქვს მოლოდინი იმის, რომ მსგავსი სახის ქმედებას ექნება ადგილი. აშშ და რუსეთი მაინც დარჩებიან მთავარ გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგეებად, იმიტომ, რომ დღეს უკვე განსხვავებული რეალობა გვაქვს. მგონია, რომ რუსეთი შეეცდება დაარწმუნოს აშშ იმაში, რომ უნდა მოხდეს რუსეთისადმი განკუთვნილი სანქციების შემსუბუქება. თუმცა, ვფიქრობ, ამერიკა ამ მნიშვნელოვან დათმობებზე არ წავა. იმიტომ, რომ ამერიკა ისედაც საკმაო დათმობაზე წავიდა, როდესაც აშშ-მ არ დაუწესა სანქციები იმ კომპანიებს, რომლებიც მონაწილეობენ ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის მშენებლობაში, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან გერმანიაში დაახლოებით 55 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას ითვალისწინებს .
მოსალოდნელია, რომ აშშ კვლავ იქნება მომთხოვნი რუსეთის მიმართ, რათა რუსეთმა გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. მგონია, რომ აშშ რუსეთის მიმართ საკმაოდ მომთხოვნი იქნება. ამერიკა აცნობიერებს იმას, რომ გააჩნია ეკონომიკური უპირატესობა რუსეთთან შედარებით. თუ აშშ-ს მთლიანი შიდა პროდუქტი შეადგენს დაახლოებით 21 ტრილიონ ამერიკულ დოლარს, რუსეთის შეადგენს 6,6 ტრილიონ ამერიკულ დოლარს. აშშ-ს უპირატესობა აქვს სამხედრო სფეროშიც. შესაბამისად, ცხადია რუსეთი საკუთარი პოზიციების დაცვას შეეცდება, თუმცა ფაქტია, რომ ახალი გადატვირთვის პოლიტიკას არ ველოდებით“,- აცხადებს ნიკა ჩიტაძე.
|შედარება დონალდ ტრამპისა და პუტინის შეხვედრასთან – რით იქნება ბაიდენის ვიზიტი განსხვავებული
ანალიტიკოსის, ნიკა ჩიტაძის მოსაზრებით, ტრამპთან შედარებით ბაიდენს რუსეთის მიმართ უფრო ხისტი პოლიტიკა აქვს და შესაბამისად, ეს სამიტზეც აისახება.
„ბაიდენი, ტრამპთან შედარებით, რუსეთის მიმართ უფრო ხისტი პოლიტიკით გამოირჩევა. კერძოდ, ტრამპი მხარს უჭერდა დიდი რვიანის აღდგენას, რათა რუსეთი კვლავ შეერთებოდა და დიდი შვიდიანი დიდ რვიანად გადაქცეულიყო. ბაიდენი არც კი განიხილავს დიდი რვიანის აღდგენის პერსპექტივას. ბაიდენს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და ის კარგად აცნობიერებს რუსეთის როლს მთლიანად მსოფლიოსთან მიმართებაში“,- აცხადებს ნიკა ჩიტაძე.
განსხვავებული პოზიცია აქვს პროფესორ, ანალიტიკოსს თორნიკე შარაშენიძეს. კერძოდ, ის მიიჩნევს, რომ რუსეთის მიმართ ბაიდენის სიხისტე მხოლოდ მის რიტორიკაში გამოიხატება.
„არანაირად არ აქვს ბაიდენს რუსეთის მიმართ ხისტი პოლიტიკა. პირიქით, აშშ-მ ჩრდილოეთ ნაკად 2-ს სანქციები არ მოუხსა. შესაბამისად, რუსეთის მიმართ ბაიდენის სიხისტე მხოლოდ მის რიტორიკაში გამოიხატება. როგორ ჩანს, ბაიდენი ამ შეხვედრის მიმართ იმედიანად არის განწყობილი და ამიტომაც მძიმე ნაბიჯების გადადგმას ერიდება“,- აცხადებს თორნიკე შარაშენიძემ „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბარში.
|რა მნიშვნელობა ექნება ამ შეხვედრას საქართველოსთვის
ანალიტიკოსი, ნიკა ჩიტაძე აღნიშნავს, რომ ჟენევის სამიტზე აშშ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ თავის პოზიციას დააფიქსირებს.
„ვფიქრობ, აშშ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ თავის პოზიციას დააფიქსირებს. ისევე, როგორც უკრაინასთან მიმართებაში. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრაზე აშშ-მ დააფიქსიროს კიდევ ერთხელ, რომ ის არ დატოვებს საქართველოს მარტო, რომ აშშ დგას საქართველოს გვერდზე. ბუნებრივია, საერთო ჯამში აშშ-სა და ევროკავშირის პოზიციების გაძლიერება შავი ზღვის რეგიონში დადებითად აისახება საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე. აშშ-მ უნდა შეინარჩუნოს მკაცრი პოზიცია რუსეთის მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიცით, რომ პუტინის რეჟიმი რბილი პოზიციის დაკავებასა და დამთმობ პოლიტიკას სისუტედ განიხილავს“,- ამბობს ჩიტაძე.
რაც შეეხება ანალიტიკოს, თორნიკე შარაშენიძეს, ის მიიჩნევს, რომ ბაიდენისა და პუტინის შეხვედრას საქართველოსთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება.
„ჩვენთვის ამ სამიტს არანაირი მნიშვნელობა არ ექნება. ზოგადად რომ ვთქვათ, ჩვენ ამერიკა რუსეთს შორის არც ზედმეტი კონფრონტაცია გვაწყობს და არც ზედმეტი მეგობრობა“,- აღნიშნა შარაშენიძემ.
მომზადებულია BBC-ისა და Foreignpolicy-ს მიხედვით
ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო სააგენგო PTN.ge











