შატილში ავარიის დროს დაშავებულების ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
მისი თქმით, სამივე პაციენტთან დადებითი დინამიკა შეიმჩნევა.
„ამ ეტაპზე, პაციენტების ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია. უნდა აღინიშნოს, რომ დადებითი დინამიკა გვაქვს მიღწეული სამივე პაციენტთან, ჰემოდინამკის მართვის მხრივ.
ტრავმის შედეგად 2 ქალბატონს დაზიანებული ჰქონდა გულ-მკერდის ღრუ, ფილტვის ქსოვილი, ამ ეტაპზე, ფილტვის ორივე ქსოვილი გაშლილია რენტგენოლოგიური კვლევით, ოქსიგენაციის პარამეტრები სტაბილურია.
სამივე მათგანთან შემოყვანისას იყო ღრმა კომა, რაც 15 ქულიდან ითვლებოდა 4 ქულად. ამ ეტაპზე, პაციენტებთან გამოვლინდა ნევროლოგიური სტატუსის გაუმჯობესება.
ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიულიკვლევებით, არცერთთან არ ვლინდება უარყოფითი დინამიკა. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ რთულ გზაზე პაციენტები გამოჯანმრთელდნენ“, – განაცხადა რატიანმა.
შეგახსენებთ, შატილის გზაზე მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შედეგად გარდაიცვალა 17, ხოლო მძიმედ დაშავდა 3 ადამიანი. დაშავებულები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან გადაყვანილები.
შატილში მომხდარტი ტრაგედიის გამო 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.











