„ვემზადებით, რომ საზოგადოებას ყველა მუნიციპალიტეტში წარვუდგონით განახლებული პროგრამები და ასევე განახლებული პოლიტიკური გუნდი ყველგან, სადაც საქმე გახლავთ გასაკეთებელი, სადაც მოქალაქეები ელიან მომავალში კიდევ უფრო მეტ პროგრესს და ეფექტურ გადაწყვეტილებებს”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
“პარტიაში სამუშაო პროცესი უკვე დაწყებულია თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოსამზადებლად. ჩვენ გვქონდა და კიდევ განვაგრძობთ კონსულტაციებს. გადაწყვეტილებები კანდიდატებთან დაკავშირებით იქნება ცნობილი უშუალოდ კამპანიის დაწყების წინ, ვინაიდან, თვითმმართველობის არჩევნების წინ ასეთია პრაქტიკა და ჩვენი ტრადიციაც ეს გახლავთ. ალბათ, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ძნელი გამოსაცნობი არ იქნება თუ ვინ იქნებიან ჩვენი ლიდერები და კანდიდატები მერობისთვის, რომლებსაც წარმატებული საქმე უმაგრებთ ზურგს.
მაქსიმალურად ვეცდებთ შევთავაზოთ საზოგადოებას სამომავლო გეგმები, რომ დაინახონ რა იცვლება მათთვის უკეთესობისკენ, რა იცვლება მათ საცხოვრებელ გარემოში და როგორი იქნება მათი ქალაქი თუ სოფელი“, – განაცხადა თალაკვაძემ.









