ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ სავტომობილო გზაზე, სოფელ დუზსთან (91 კილომეტრი) კლდოვანი მასა ჩამოწვა, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა ამ დროსთვის ჩაკეტილია.
შესაბამის ფოტო და ვიდეო-მასალას ადგილობრივი მცხოვრები ლაშა პაკელიანი ავრცელებს, რომელიც შემთხვევის ადგილას გამთენიისას ჩავიდა.
„დილის 7 საათზე ვიყავი მანდ. ინფორმირებულია ადგილობრივი მერია, საავტომობილო გზების დეპარტამენტი და იმედია მოახდენენ რეაგირებას. საკმაოდ დიდი ზომის ქვებია და მგონია, რომ გზას დღეისთვის ვერ გახსნიან. ალბათ, მთელ დღეს მოანდომებენ, საკმაოდ დიდი ლოდებია“, – განაცხადა ლაშა პაკელიანმა.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კაპიტონ ჟორჟლიანის განცხადებით, ადგილზე სამუშაოდ მძიმე ტექნიკა უკვე მობილიზებულია და გავა სამუშაოდ.
კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით,ჩამოწოლილი კლდოვანი მასის მოცულობიდან გამომდინარე საკმაოდ რთული სამუშაო იქნება და შესაძლოა დღეს ვერ მოესწროს გზის გახსნა.
„ამას ყველანაირი ტექნიკა ვერ გაწმენდს. დიდი ზომის ლოდებია. უკვე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და დაიწყებენ სამუშაოებს. ძალიან დიდი მასაა და დრო სჭირდება. ხაიშის და ჭუბერის გარდა, ზედა სოფლები არის ჩაკეტილი. ანუ მესტია-ზუგდიდის მიმართულებით მოძრაობა არის ჩაკეტილი“,- განაცხადა მესტიის მერმა.
ავტორი:თეა შონია










