ამ წუთებში, ქუთაისში, ნამახვან ჰესის წინააღდეგ აქცია მიმდინარეობს. რიონის ხეობაში გიგანტური ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ ეს რიგით მეორე საპროტესტო აქციაა, რომელიც ქუთაისში იმართება.
ხეობის მცველებს მხარდაჭერას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ადამიანებიც უცხადებენ.
მათ მთავარ მოთხოვნას, რომელიც ჰესების მშენებლობის შეწყვეტას გულისხმობს, კიდევ ერთი მოთხოვნა – ეკონომიკის მინისტრის გადადგომაც დაემატა. რიონის ხეობაში ჰესის წინააღმდეგ პროტესტი ოთხ თვეზე მეტია გრძელდება. ხელისუფლებამ ჰესის მოწინააღმდეგეებთან შეხვედრის საჭიროება მხოლოდ მას შემდეგ დაინახა, რაც 28 თებერვალს ქუთაისში ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა, სადაც ხეობის მცველებმა მთავრობას ორკვირიანი ულტიმატუმი წაუყენეს. იმ შემთხვევაში თუ ნამახვანჰესის მშენებლობა არ შეჩერდება, აქტივისტები ქუთაისის პიკეტირებით იმუქრებიან.
რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია “ენკა” აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლების დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.
მოსახლეობის პროტესტის საპასუხოდ, კომპანიაში პროექტის სიკეთეებზე, გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე, დასაქმებულთა რაოდენობასა და ინვესტიციის მოცულობაზე საუბრობენ.მათი ინფორმაციით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გეგავატი ენერგიას გამოიმუშავებენ. ჰესის ამოქმედების შემდეგ, “ენკა” ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის შეტანისა და მშენებლობაზე 3 000-მდე ადამიანის დასაქმების პირობას დებს. კომპანიაში, საფრთხეებთან დაკავშირებით მოსახლეობის შიშებს არ იზიარებენ და ამბობენ, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია.
ავტორი: კესო მოლაშხია
https://fb.watch/4dz2nABrHH/










