2019 წლის 30 დეკემბერს უჰანის ცენტრალურ საავადმყოფოში მომუშავე 34 წლის ოფთალმოლოგმა, ლი ვანლინიმ SARS-ის ტიპის ახალი ვირუსის შესახებ ინფორმაცია პირველმა გაავრცელა. მან კოლეგებს პირბადეების ტარებისკენ მოუწოდა.
4 დღის შემდეგ ის საჯარო უსაფრთხოების ბიუროში დაიბარეს და ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში დაადანაშაულეს.
მოგვიანებით, ლი კორონავირუსით გარდაიცვალა.

მას შემდეგ ორი წელი გავიდა. COVID-19-ს მსოფლიო დღემდე ებრძვის. თუმცა, ჯანდაცვის მუშაკებს ვირუსის შესახებ დღეს უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ, ვიდრე პანდემიის დასაწყისში.
Chinese authorities have made a preliminary determination of the cause of #pneumonia in Wuhan as a novel (new) #coronavirus. @WHO continues to monitor the situation closely and is ready to support #China to investigate and respond to this outbreak. https://t.co/0zR6iZWrcm (1/7)
— World Health Organization (WHO) Western Pacific (@WHOWPRO) January 9, 2020
რა ისწავლა მსოფლიომ
|ვირუსის წარმოშობა
კოვიდის წარმოშობის შესასწავლად 2021 წლის იანვარში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ქალაქ უჰანს ეწვივნენ.
14 მეცნიერისგან შემდგარმა სპეციალურმა ბრიგადამ უჰანში ლაბორატორიები, დაავადებათა კონტროლის ცენტრები და ცოცხალი ცხოველების ბაზრობები შეამოწმა. მონიტორინგს WHO-ს ჯგუფი 12 დღის განმავლობაში ახორციელებდა.
ვიზიტის შემდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის პანდემია, სავარაუდოდ, გაყინული საკვები პროდუქციის გადაზიდვის შედეგად გავრცელდა და არა ლაბორატორიიდან, რასაც პანდემიის დაწყებიდან არაერთი მედიცინის ექსპერტი, თუ პოლიტიკური ლიდერი ვარაუდობდა.

მათივე თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ ვირუსი უჰანში რამდენიმე კვირის განმავლობაში ცირკულირებდა მანამ, სანამ ის ჰუანანის ცოცხალი ცხოველების ბაზრობაზე აღმოჩნდებოდა – თავდაპირველად ექსპერტები სწორედ ამ ბაზრიდან ვარაუდობდნენ ვირუსის გავრცელებას.
ჯანმოს ექსპერტები ამბობენ, რომ Covid-19 ღამურებში გაჩნდა, ადამიანს კი სხვა ძუძუმწოვრის საშუალებით გადაედო, თუმცა ისინი ძუძუმწოვრის სახეობას ამ დრომდე ვერ აზუსტებენ.
„ყველა სამუშაო, რომელიც ვირუსის წარმომავლობის აღმოსაჩენად ჩატარდა, ბუნებითი წყაროებისკენ მიანიშნებს“, – განაცხადა WHO-ს მეცნიერთა ბრიგადის ხელმძღვანელმა, პიტერ ემბარეკმა.
მისი თქმით, ვირუსის ლაბორატორიებიდან გავრცელება „თითქმის წარმოუდგენელია“.
თუმცა, WHO-ს მიერ დაწყებული მოკვლევა ჯერ კიდევ ადრეულ სტადიაზეა და მის დასრულებას, შესაძლოა, წლებიც დასჭირდეს. მაგრამ ორგანიზაციამ პირობა დადო, რომ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მონაცემთა ბაზის გამჭვირვალე და თანმიმდევრულ შემოწმებას ჩაატარებს.
ასე, რომ კითხვაზე საიდან წარმოიშვა კორონავირუსი –მეცნიერებს ზუსტი პასუხი დღემდე არ აქვთ.
|კორონავირუსის აგებულება
ჩინელმა ვირუსოლოგებმა კოვიდის გენომის სტრუქტურა პირველად 2020 წლის 21 იანვარს გამოაქვეყნეს. ამან მიკრობიოლოგებსა და ექიმებს მთელ მსოფლიოში შესაძლებლობა მისცა ვირუსი უკეთ შეესწავლათ და ვაქცინაზე მუშაობა დაეწყოთ.

დღეს მეცნიერებმა იციან:
ვირუსს გვირგვინის აგებულება აქვს, საიდანაც მისი დასახელება გამომდინარეობს (corona ლათ. – გვირგვინი). ვირუსის ზედაპირზე სპაიკ ცილებია განლაგებული. ვირუსი ამ ცილებს ორგანიზმში შეჭრისთვის, გამრავლებისთვის, ვირუსული ნაწილაკების წარმოქმნისა და შემდგომ უკვე ამ ვირუსული ნაწილაკებიდან ხელახლა ვირუსების აწყობისთვის იყენებს. სწორედ ამიტომ ვაქცინების დიდი ნაწილი სწორედ ამ ცილების ბლოკირებაზეა ორიენტირებული.
| რისკ-ჯგუფები
პანდემიის დასაწყისში მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ ახალი ვირუსი საშიში არ იყო. ისინი ფიქრობდნენ, რომ სეზონური გრიპის ვირუსი უფრო მეტ საშიშროებას შეიცავდა, ვიდრე ახალი კორონავირუსი.
პანდემიიდან ორი წლის თავზე მეცნიერებმა უკეთ იციან: კორონავირუსი ადამიანებს საფრთხეს უქმნის. ასევე, ადამიანთა უმრავლესობას ის უსიმპტომოდ გადააქვს მაშინ, როცა ზოგიერთებისთვის კოვიდი ლეტალურად მთავრდება.

მეცნიერები უფრო მეტად არიან ინფორმირებული იმის შესახებ, თუ ვინ მიეკუთვნება კოვიდის რისკ-ჯგუფს. კერძოდ, ექიმებმა იციან, რომ მოხუცები, ადამიანები, რომლებსაც თანხმლები დაავადებები, სისხლის A ჯგუფი აქვთ კოვიდით ინფიცირების რისკ-ჯგუფში შედიან.
ასევე, კვლევებმა აჩვენა, რომ კოვიდით მამაკაცები უფრო ინფიცირდებიან, ვიდრე ქალები.
დიაბეტი, მაღალი არტერიული წნება, კიბო, ასთმა, გულსისხლძარღვთა დაავადებები, – ადამიანებს ვირუსის მიმართ მოწყვლადს ხდის.
|როგორ ვითარდება ვირუსი – რა ფორმები ახასიათებს
კოვიდის მსუბუქი ფორმა ძალიან ჰგავს გაციებას. სიმპტომებით თითქმის იგივეა: ყელის ტკივილი, სუნთქვის პრობლემები, გემოსა და სუნის შეგრძნების დაკარგვა.


მძიმე ფორმების დროს ვირუსმა, შესაძლოა, ორგანიზმში მრავალფუნქციური ანთება გამოიწვიოს, რაც ხშირ შემთხვევაში სეფსისის გამომწვევი მიზეზი ხდება.
მეცნიერებმა იციან, რომ დაავადების სიმძიმე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დიდი რაოდენობის ვირუსული ნაწილაკი აღმოჩნდება ადამიანის ორგანიზმში და რამდენად ძლიერი იქნება ორგანიზმში იმუნური რეაქცია.
|მკურნალობა
პანდემიის დასაწყისში დაავადების მძიმე ფორმების მქონე თითქმის ყველა ხელოვნური სუნთქვის აპარატებზე აერთებდნენ.
ახლა, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მომუშავე ექიმებმა იციან, რომ ხელოვნური სუნთქვის აპარატებს ფილტვებისთვის უფრო მეტი ზიანის მიყენება შეუძლიათ, ვიდრე სიკეთის.
სწორედ ამიტომ, ექიმები პაციენტებს ჟანგბადს რესპირატორთან მიერთების გარეშე აწვდიან. ხელოვნური სუნთქვის აპარატებს კი მხოლოდ განსაკუთრებით რთული შემთხვევების დროს იყენებენ.
იმ შემთხვევაში კი, როდესაც კოვიდი ადამიანის თირკმელებს აზიანებს, ექიმები დიალეზის პროცედურასაც იყენებენ (ორგანიზმიდან ნივთიერებათა ცვლის ნარჩენი პროდუქტებისა და ჭარბი სითხის ხელოვნურად მოშორება, მაშინ, როდესაც თირკმელები ამას ვერ ახერხებს).
ასევე, მეცნიერებმა ისწავლეს, რომ კოვიდით ინფიცირებულთა სამკურნალოდ, ვირუსგადატანილების სისხლის პლაზმის გამოყენებაც შესაძლებელია.
ჯერჯერობით არ არსებობს კონკრეტული სამკურნალოდ საშუალება, რომელიც ექიმებმა კოვიდით ინფიცირებულების სამკურნალოდ უნდა გამოიყენონ.
თუმცა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალოს.
კერძოდ, ახალი კვლევის მონაცემების მიხედვით, Pfizer-ის მიერ წარმოებულმა COVID-19-ის საწინააღმდეგო აბებმა მაღალი ეფექტიანობა აჩვენა პაციენტების ჰოსპიტალიზების საჭიროების შემცირების თვალსაზრისით, მაგრამ შედარებით ნაკლებად გააქრო მსუბუქი სიმპტომები.
Pfizer-ის მონაცემები ორ კვლევას ეფუძნება. ერთ კვლევაში, რომელიც 673 პაციენტის მიერ სიმპტომების თვითმოხსენებას ეფუძნება, მედიკამენტმა, სახელად „პაქსლოვიდი“, ვერ შეამცირა სიმპტომები COVID-19-ის გართულებების რისკის მქონე პაციენტებში. თუმცა, მედიკამენტმა ამ ჯგუფში 70 პროცენტით შეამცირა ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი.

მეორე კვლევაში, მაღალი რისკის მქონე არავაქცინირებულ ადამიანებში მედიკამენტმა 89-პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა ჰოსპიტალიზების პრევენციის თვალსაზრისით; პრეპარატს სიმპტომების გამოჩენიდან მაქსიმუმ სამ დღეში იყენებდნენ.
როგორც შედეგები მიუთითებს, სავარაუდოა, რომ ეს აბები სტანდარტული სამკურნალო საშუალება გახდება დაავადების გამწვავების რისკის მქონე კოვიდპაციენტებში. თუმცა, უფრო ჯანმრთელ პაციენტებში მიღებული შერეული მონაცემები აჩვენებს, რომ უფრო მეტი კვლევაა საჭირო, ვიდრე ის სტანდარტული წამალი გახდება ვაქცინირებული პირებისთვის, რომლებსაც დაავადება დისკომფორტს უქმნის, მაგრამ არა სასიცოცხლო საფრთხეს.
Pfizer-ის ხელმძღვანელის, ალბერტ ბურლას განცხადებით, შედეგები ხაზს უსვამს, რომ მედიკამენტის ამ კანდიდატს აქვს პოტენციალი, მთელ მსოფლიოში გადაარჩინოს პაციენტთა სიცოცხლე. მისივე თქმით, დამტკიცების შემთხვევაში, ეს პოტენციური მედიკამენტი კრიტიკულად მნიშვნელოვანი იარაღი გახდება პანდემიის დასასრულებლად. რადგან მისი მიღება სახლის პირობებში მკურნალობის ადრეულ ეტაპზე შეიძლება.
Pfizer-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო აბების ავტორიზაციის თხოვნით აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA) უკვე მიმართა.
|ვაქცინაცია
პანდემიის დაწყებიდან ორი წლის თავზე მსოფლიოს ქვეყნებმა კორონავირუსის ვაქცინით მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყეს.
დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინა ფართო გამოყენებისთვის დაამტკიცა.
ჩრდილოეთ ირლანდიაში მცხოვრები 90 წლის მარგარეტ კენანი მსოფლიოში პირველი ადამიანია, რომელმაც Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთა.
დღესდღეობით მსოფლიო იმუნიზაციისთვის შემდეგ ძირითად ვაქცინებს იყენებს:
|Pfizer-BioNTech
BioNTech-მა და Pfizer-მა კორონავირუსის ვაქცინის ავტორიზაციაზე განაცხადი აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაში (FDA) 2020 წლის 20 ნოემბერს შეიტანეს. Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გადაუდებელ გამოყენებას მხარი FDA-ის მრჩეველთა საბჭომ 11 დეკემბერს დაუჭირა.
ვაქცინის ტიპი – mRNA
დოზები – 2 (21 დღიანი შუალედით)
ფასი – ერთი დოზა 19,50 $ (პირველი 100 მილიონი დოზის შემთხვევაში)
ეფექტურობა – 95%.

|Moderna
2020 წლის 16 ნოემბერს ფარმაკოლოგიურმა კომპანიამ, Moderna-მ ექსპერიმენტული კვლევის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მათი ვაქცინა 94,5%-ით ეფექტურია.
FDA-მ Moderna-ს ვაქცინას ავტორიზაცია 2020 წლის 19 დეკემბერს მიანიჭა.
ვაქცინის ტიპი – mRNA
დოზები – 2 (28 დღიანი შუალედით)
ფასი – ერთი დოზა 25$-37$
ეფექტურობა – 95%.

|AstraZeneca
2021 წლის 25 მარტს AstraZeneca-მ კვლევის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მათი ვაქცინა კოვიდის სიმპტომატური შემთხვევების დროს 76%-ით ეფექტურია. მძიმე და კრიტიკული შემთხვევების შემთხვევაში კი 100%-ით.
ევროპის ქვეყნება AstraZeneca-ს ვაქცინა საგანგებო მოხმარებისთვის 2021 წლის 12 იანვარს დაამტკიცეს. აშშ-ში კი გაზაფხულზე.
ვაქცინის ტიპი – ადენოვირუსული (გადამტანი არის სხვა ვირუსი – ადენოვირუსი და მასში ინტეგრირებულია კორონავირუსის გენეტიკური ინფორმაცია).
დოზები – 2 (28 დღიანი შუალედით)
ფასი – ერთი დოზა ევროკავშირის ქვეყნებში ($2.15), დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში ($3-4), სამხრეთ აფრიკა ($5.25)
ეფექტურობა – დაახლოებით 70%.

|Johnson & Johnson
ვაქცინის ტიპი – ადენოვირუსული ( გადამტანი არის სხვა ვირუსი – ადენოვირუსი და მასში ინტეგრირებულია კორონავირუსის გენეტიკური ინფორმაცია).
დოზები – 1
ფასი – ერთი დოზა 10$
ეფექტურობა – J&J’-ის კლინიკური კველების შედეგების მიხედვით, ვაქცინა ვირუსის სიმპტომატური შემთხვევევბის დროს 66%-ით ეფექტურია. ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევების პრევენციის კუთხით კი მისი ეფექტურობა 100%-ია.

|Sinovac
ვაქცინის ტიპი – ინაქტივირებული (შედგება მთლიანი ვირუსის ან ბაქტერიისგან, ან მათი რომელიმე ფრაქციისგან).
დოზები – 2
ფასი – ერთი დოზა 29,75$
ეფექტურობა – კლინიკური კვლევების მიხედვით მისი ეფექტურობა 50.38% -91.25%-მდე მერყეობს.
ასევე Sputnik V, Novavax და სხვ.

|ტვინდემია
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან თითქმის 2 წლის თავზე მეცნიერები ახალი საფრთხის – „ტვინდემიის“ შესახებ ალაპარაკდნენ.
„ტვინდემია“ არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი სეზონური გრიპითა და COVID-19-ით ერთდროულად ინფიცირდება. ტერმინი მეცნიერებმა ორი ინგლისური სიტყვის Pandemic (პანდემია) და Twins (ტყუპები) შეერთების შედეგად მიიღეს.
ჯანდაცვის ექსპერტების განცხადებით, თუ ინფექციის მომდევნო, რიგით მეოთხე გლობალური ტალღა ჩვეულებრივი გაციების ან გრიპის სეზონს გადაფარავს, ამან შეიძლება მსოფლიო მასშტაბით ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს.
„თუ არ ავიცერით და იმუნური ფენის კრიტიკული მასა არ დაგროვდა, რაც დღეს 55%-ის ფარგლებში გვაქვს და 80%-მდე უნდა გვქონდეს, სამწუხაროდ, გვექნება ძალიან რთული ნოემბერი“, – განაცხადა ამირან გამრელიძემ.
რა უნდა გავაკეთოთ „ტვინდემიის“ თავიდან ასაცილებლად
„ტვინდემიის“ თავიდან ასაცილებლად ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები საზოგადოებას შემდეგი პრევენციული ზომების დაცვისკენ მოუწოდებენ:
- პირბადის ტარება
- სოციალური დისტანციის დაცვა
- ხელების ხშირი დაბანა
- სეზონური გრიპისა და კოვიდის ვაქცინის გაკეთება
|შტამები
პანდემიის დაწყებიდან ორი წლის მსოფლიო კიდევ ერთი ახალი გამოწვევის – კოვიდ შტამების – წინაშე დგას.
ვირუსის მუტაციებს მეცნიერები დაკვირვებით და დიდი სიფრთხილით სწავლობენ.
კოვიდის კიდევ რომელ ვარიანტებს აკვირდება WHO
დღესდღეობით ჯანმოს ე.წ. „საყურადღებო ვარიანტების“ კატეგორიას ვირუსის შემდეგი შტამები მიეკუთნებიან:
- Eta – 2020 წლის დეკემბერში რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად აღმოაჩინეს;
- Iota – პირველად 2020 წლის ნოემბერში აშშ-ში აღმოაჩინეს;
- Kappa – 2020 წლის ოქტომბერი, ინდოეთი;
- Lambda – 2020 წლის დეკემბერი, პერუ;
- Mu – 2021 წლის იანვარი, კოლუმბია;
ე.წ. „შემაშფოთებულ ვარიანტებს“ ანუ ისეთ ვარიანტებს, რომელთაც პანდემიის გაუარესებს პოტენციალი აქვთ, კოვიდის შემდეგი შტამები მიეკუთვნება:
- Alpha – პირველად აღმოაჩინეს 2020 წლის სექტემბერში დიდ ბრიტანეთში;
- Beta – 2020 წლის მაისი, სამხრეთ აფრიკა;
- Gamma – 2020 წლის ნოემბერი, ბრაზილია;
- Delta – 2020 წლის ოქტომბერი, ინდოეთი;
- Omicron – 2021 წლის ნოემბერი, აფრიკის სამხრეთ რეგიონი;
|ომიკრონი
ბოლო პერიოდში ჯანდაცვის ექსპერტების მთავარ საფიქრალად სწორედ კოვიდის ომიკრონი შტამი იქცა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ვირუსის ახალ მუტაციასთან დაკავშირებული საერთო რისკი მაღალია.
„რიგი მიზეზების გამო, „ომიკრინის“ ახალ ვარიანტთან დაკავშირებული საერთო რისკი ძალიან მაღალი რჩება. წინასწარი მტკიცებულებები პოტენციურ ჰუმორალურ იმუნურ გარღვევასა და გადაცემის მაღალ მაჩვენებლებს ცხადყოფს, რამაც შეიძლება შემთხვევების შემდგომი მატება გამოიწვიოს. რისკის შეფასება განახლდება, როგორც კი მეტი ინფორმაცია გახდება ხელმისაწვდომი“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ „ომიკრონის“ საერთო საფრთხე სამ ძირითად ფაქტორზეა დამოკიდებული:
- რამდენად გადამდებია აღნიშნული ვარიანტი;
- რამდენად კარგ დაცვას უზრუნველყოფენ ვაქცინები და გადატანილი ინფექცია ინფექციისგან, გადაცემისგან, კლინიკური დაავადებებისა და სიკვდილისგან;
- რამდენად გადამდებია „ომიკრონი“ სხვა ვარიანტებთან შედარებით;
20 დეკემბერს საქართველოში ომიკრონით ინფიცირების პირველი შემთხვევები დადასტურდა.
ახალ შტამს მეცნიერები ამ დრომდე სწავლობენ. მანამდე, სანამ ომიკრონის შესახებ მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მოსახლეობას ვაქცინის ბუსტერი დოზის გაკეთებისკენ მოუწოდებენ.
ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო სააგენტო PTN.ge