ყველაფერი გაკეთდება ამ სიცოცხლის გადასარჩენად, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა ახალციხიდან გადმოყვანილი ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.
„არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე. ჰერმოდინამიკა არასტაბილურია, ჩატარებულია ყველა კვლევა, რაც პროტოკოლით არის გათვალისწინებული. მიმდინარეობს ასევე დამატებითი კვლევები და მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ყველაფერი გაკეთდება მისი სიცოცხლის გადასარჩენად. ჩატარდა როგორც ლაბორატორიული ისე კლინიკური კვლევები. ლაბორატორიული კვლევები მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშეა, რადგან აქ იყო დაუზუსტებელი შოკი. გაკეთდა ინექცია და ვერ გეტყვით, რამ გამოიწვია ყველაფერი, დადასტურებისთვის უფრო ღრმა კვლევებია ჩასატარებელი. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად იქნას გამოყვანილი პაციენტი შოკური მდგომარეობიდან და რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მისი გამოჯანმრთელება“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
30 წლამდე ასაკის ქალი, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ სავარაუდო გვერდითი რეაქცია გამოუვლინდა, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ექთნის მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ახალციხეში მომხდარი ფაქტის შესწავლის პროცესში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო კომიტეტსაც ჩართავენ.











