ლაგოდეხში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ბებიისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე, სასამართლო ხვალ იმსჯელებს. პროცესი გურჯაანის რაიონულ სასმართლოში გაიმართება.
„პრაიმტაიმნიუსის” ინფორმაციით, ქალის მიმართ, რომელმაც შვილიშვილის კლასელები დააჩოქა და ბოდიში მოახდევინა, ბრალდების მხარე, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს.
შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ნოემბრის თვეში მოხდა. გოგონების გამო დაწყებულ კონფლიქტში მონაწილე მეექვსეკლასელი მოსწავლის ბებიამ, შვილიშვილის ორი კლასელი დააჩოქა და ბოდიში მოახდევინდა. ინციდენტს ერთ-ერთი მოსწავლის დედაც ესწრებოდა, რომელმაც ბოდიშის მოხდა ტელეფონით გადაიღო.
მომხდარის შესახებ, პოლიციას სკოლის მანდატურმა შეატყობინა. გამოძიება თავდაპირველად, მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 144 , 3′ მუხლით დაიწყო, რაც დამამაცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას ითვალისწინებს.
საქმის გარემოებების დაზუსტების შემდეგ, პროკურატურამ მოსწავლის ბებიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 150- ე მუხლით წაუყენა, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისათვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ქალს 18 თვემდე თავიაუფლების აღკვეთა ემუქრება.
საქმეში ჩართულია სოციალური სამსახურიც, რომელიც არასრულწლოვნებთან მუშაობს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











