აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა.
როგორც მისმა უფლებადამცველმა არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა, გამოკითხვის ეტაპზე მუხთარლი პასუხს გასცემს ყველა იმ კითხვას, რაც პროკურატურის მხრიდან იქნება.
„როგორც დღეს შეგვატყობინეს, უზრუნველყოფილი იქნება აზერბაიჯანული ენის თარჯიმანი. ამასთან, ჩვენც მოგვეცა საშუალება, რომ ჩვენი მხრიდან ყოფილიყო თარჯიმანი. ეს ტექნიკური პრობლემა დღეს აღარ იქნება და შესაძლებელი იქნება გამოკითხვის დასრულება. გამოკითხვის ეტაპზე აფგანი პასუხს გასცემს ყველა იმ კითხვას, რაც პროკურატურის მხრიდან იქნება დასმული და აქვს ინფორმაცია. ასევე, აფგანი მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო ექსპერიმენტში, მიუთითოს იმ ადგილზე, სადაც მოხდა დანაშაული.
ის, რომ ოთხი წელია მიმდინარეობს გამოძიება, არ არის ჩვეულებრივი ამბავი და სწორედ ამიტომ არის ამხელა რეაქცია, ინტერესი და ამიტომ ვართ დღეს აქ“, – აღნიშნა არჩილ ჩოფიკაშვილმა.










