გურჯაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 12 წლის მოზარდი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო თბილისში გადაიყვანეს. მოზარდს დამატებითი გამოკვლევა და მკურნალობა, იაშვილის სახელობის კლინიკაში ჩაუტარდება.
„ჯეო ჰოსპიტალსის“ გურჯაანის ცენტრის დირექტორის, გელა ორველაშვილის განმარტებით, მოზარდის მდგომარეობა მძიმეა.
„მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა იყო. ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე აქ დაიღუპა, დაახლოებით ერთ საათში, რადგან მისი ტრამვები სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო. რაც შეეხება მოზარდს, მას ხერხემლის მალა აქვს მოტეხილი და სხვა, დამატებითი კვლევები სჭირდება“, – განაცხადა ორველაშვილმა.
ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა ყვარელი- გურჯაანის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, გუშინ მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთი ავტომანქანა გადაბრუნდა და მგზავრები ქვეშ მოიყოლა.
შემთხვევის შედეგად, ორი მგზავრი, 40 წლამდე ასაკის ქალი და 25 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











