ვიცით, რომ აფრასიძეების საქმე მიხეილ სააკაშვილმა თავის თავზე აიღო, მე მივეცი ბრძანებაო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხდა.
მისივე თქმით, ეს თემა სამართლებრივი კუთხით უნდა განვიხილოთ და არა პოლიტიკური.
„ფაქტია, ის ვიცით, რომ სააკაშვილმა თავის თავზე აიღო, მე მივეცი ბრძანება და ორგანიზებაც მე გავუკეთეო. ფაქტია ისიც, რომ ამ შეტევის შემდეგ, ერთ ადამიანს ფსიქიური პრობლემები შეექმნა. მკვლელობა პატარა ბავშვის წინ მოხდა, მაგრამ თვითონ ეს ოპერაცია, რამდენად სამართლის ჩარჩოში ჯდებოდა, ამასთან დაკავშირებით შეიძლება ჩემი პირადი მოსაზრება მქონდეს, მაგრამ არანაირად, არც მე და არც სხვას არ ვურჩევ რომ ამასთან დაკავშირებით შეფასებები გააკეთოს. ჩვენ ოჯახს ვერ დავუშლით, გინდ წინასაარჩევნოდ იყოს და გინდ არჩევნების შემდეგ, რომ პროკურატურას მიმართოს. ფაქტია, რომ ამ საკითხში პოლიტიკური ჩარევა არც მოხდება და არც მომხდარა. ეს წინა ხელისუფლებას ახასიათებდა,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.
დეპუტატი ამ განცხადებით დოდო აფრასიძესა და გენერალური პროკურორს შორის დაგეგმილ შეხვედრას გამოეხმაურა.
შეხვედრა 9 ივლისს გაიმართება.
სვანეთში სპეცოპერაცია 2004 წელს ჩატარდა, რომლის შედეგადაც დაიღუპნენ ევგენი და ომეხ აფრასიძეები, გოჩა და შმაგი აფრასიძეები კი დააპატიმრეს. გოჩა აფრასიძეს მისჯილი ჰქონდა 19-წლიანი პატიმრობა სხვადასხვა მუხლების შეკრების შედეგად, ხოლო შმაგი აფრასიძეს – 17-წლიანი პატიმრობა. აქედან მათ 9 წელი მოიხადეს და 5 წლის წინ, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ გათავისუფლდნენ.











