სიღნაღში, სოფელ ქვემო მაჩხაანიდან ბოდბისხევის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა.
შეჯახების შედეგად, მანქანაში მყოფი ერთი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ წნორის საავადმყოფოში გადაიყვანა.
ამ წუთისათვის, დაშავებულებს, შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ- კრიმინალისტები იმყოფებიან.
რედაქციის შენიშვნა
„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ინფორმაციით, 2020 წლის პირველ კვარტალში სულ 1236 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ავტოავარიაში ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში – 32 პირი.
2020 წლის პირველ კვარტალში 0-16 წლამდე 8 მოზარდი დაიღუპა, ხოლო 142 დაშავდა. გარდაცვლილია 33 ქვეითად მოსიარულე და დაშავებულია – 349 ქვეითი.
საგზაო შემთხვევათა გამომწვევი მიზეზები კი შემდეგია: შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება, დისტანციის დაუცველობა და სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











