შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური განმარტავს, რატომ ვერ მოხდა დმანისში სიტუაციის განმუხტვა სწრაფად. ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ცუდი სიტუაცია იყო, ხალხი ძალიან სწრაფად შეიკრიბა, გუშინდელის შემდეგ იყო გაძლიერებული პოლიცია, თუმცა ეს ძალები არ აღმოჩნდა საკმარისი. სხვა დროს ბოლნისში მშვიდობიანობის თუ იყო 20 კაცი, ახლა გაათმაგებული იყო.
სამწუხაროდ ვერ მოხდა ამხელა მასის კონტროლი, შემოვიყვანეთ დამატებითი ძალები, რის შემდეგაც განიმუხტა სიტუაცია. ამიტომ ვერ მოხდა უსწრაფესად ამ ადამიანების შეჩერება და კონფლიქტის გაჩერება“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ცნობისთვის, ჩხუბი დმანისში 9 აპრილის ქუჩაზე, ადგილობრივ აზერბაიჯანულ თემსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის, გუშინ, დაახლოებით ხუთ საათზე დაიწყო. დაპირისპირება რამდენჯერმე გამწვავდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა ჯოხებითა და ბეისბოლის ბიტებით შეიარაღებული ახალგაზრდების ჯგუფი. რამდენიმე მოქალაქეს სხეულის მძიმე დაზიანებები აქვს – დაზიანებულია მაღაზია და ავტომობილი.










