საქართველოს მთავრობის მეთაური, ანკარაში, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხვდება. ირაკლი ღარიბაშვილის დასახვედრად, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა, გაჟღერდა საქართველოსა და თურქეთის ჰიმნები, რის შემდეგაც ირაკლი ღარიბაშვილისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა დაიწყო.
თურქეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, დელეგაციებს შორის გაფართოებული შეხვედრა გაიმართება. ირაკლი ღარიბაშვილი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებსაც გააკეთებენ. მაყურებელს პრესკონფერენციას „ქრონიკა“ პირდაპირ ეთერში შესთავაზებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სახელმწიფო ვიზიტით, თურქეთის რესპუბლიკას დღეს ეწვია.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.











