დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსზე ორი დოზით აცრილ ადამიანებში ინფიცირების მაჩვენებელი არის 0,2%. ამის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„მედიცინაში აბსოლუტური არაფერი არ არის. დღეს, ორი დოზით აცრილია 70 000-მდე ადამიანი. გიდასტურებთ, რომ ორი დოზით აცრილებში გვაქვს ინფიცირების 0,2% . ერთი დოზით აცრილებში კი ეს მაჩვენებელი არის დაახლოებით 0,8%, მაგრამ უმრავლესი შემთხვევები მსუბუქია, რომლებიც ბინაზე მკურნალობით და დაკვირვებით იქნა მოხსნილი. რა თქმა უნდა, გვაქვს ზუსტი სტატისტიკაც რამდენი მოხვდა საავადმყოფოში, თუმცა ამ წუთას ეს სტატისტიკა არ მაქვს“, – აცხადებს გამყრელიძე.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1092 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 3.67 %-ია.











