ზუგდიდის ყოფილი მერი, გიორგი შენგელია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ის უერთდება გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებულ პოლიტიკურ პარტიას „საქართველოსთვის“, რათა პროფესიონალ გუნდთან ერთად იბრძოლონ უკეთესი, ძლიერი ქვეყნისთვის.
ამბობს, რომ მისთვის თანამდებობაზე ყოფნა არასდროს ყოფილა თვითმიზანი და მისწრაფება იყო, ზუგდიდელებთან ერთად ეშენებინა უკეთესი ზუგდიდი.
„როცა ამ საქმეში ვერ გრძნობ სათანადო მხარდაჭერას, რთულია მხოლოდ ადგილობრივი რესურსებით იმ პროგრესის შენარჩუნებაც კი, რომელიც გვქონდა ბოლო 2 წლის მანძილზე. ამ პერიოდის მანძილზე ასევე მიუღებელი გახდა ჩემთვის მმართველი პარტიის ხელმძღვანელთა ქმედებები, რიტორიკა და პრიმიტიულ ტყუილებზე დაფუძნებული ბრალდებები ყოფილი თანაგუნდელების მიმართ, რომელმაც უკვე ორკესტრირებული ხასიათი მიიღო.
სწორედ ამიტომ, დღეს მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გიორგი გახარიასთან და იმ პოლიტიკურ გუნდთან ერთად, რომელიც გაერთიანდა საქართველოსთვის, მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ ქვეყნის მისწრაფებების შესასრულებლად.
მე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ზუგდიდელ ამომრჩევლებს ნდობისთვის და მოვუწოდო, კიდევ ერთხელ გაერთიანებისკენ ზუგდიდისთვის და საქართველოსთვის”, – ნათქვამია გიორგი შენგელიას განცხადებაში.
იგი „საქართველოსთვის“ ზუგდიდის ოფისის გახსნაზეც იმყოფებოდა გიორგი გახარიასთან ერთად.
შეგახსენებთ, გიორგი შენგელიამ თანამდებობა 17 მაისს დატოვა.
მისი თქმით, შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში არ იქნებოდა სწორი არც “ქართულ ოცნებაში” დარჩენა და არც გიორგი გახარიას მომავალ პარტიასთან თანამშრომლობა. მაშინ თქვა, რომ პოლიტიკიდან მიდის, თუმცა არც დაბრუნებას გამორიცხავს, თუკი „ზუგდიდელებს“ ამის საჭიროება ექნებათ.
გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ გიორგი შენგელია იქნება პარტია “საქართველოსთვის” მერობის კანდიდატი.
ავტორი: თეა შონია











