ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპისა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისები სკოლებს მოუწოდებენ, გაიხსნან და საჭირო ზომების მიღებით შექმნან უსაფრთხო გარემო.
ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ზომები მოიცავს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმებში, სამიზნე ჯგუფებს შორის მასწავლებლებისა და სკოლის სხვა პერსონალის ჩართვასა და მათ ვაქცინაციას მოსახლეობის სხვა დაუცველ ჯგუფებთან ერთად.
ამას გარდა, უნდა აიცრან 12 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვები, რომელთა სამედიცინო ისტორია მნიშვნელოვნად ზრდის „კოვიდ-19“-ის მძიმე ფორმით დაავადების რისკს. ასევე მნიშვნელოვანია სასკოლო გარემოს გაუმჯობესება საკლასო ოთახების უკეთესი განიავების, საჭიროებისამებრ, ბავშვების მცირე კლასებად დაყოფის, ფიზიკური დისტანცირების უზრუნველყოფისა და ბავშვების, პერსონალის რეგულარული ტესტირების მეშვეობით.
„არსებული მონაცემები ცხადყოფს, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს მწვავე დაავადებისა და სიკვდილის რისკებს. ამიტომაც როცა ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ, ყველა უნდა აიცრას და ჩაიტაროს ვაქცინაციის სრული კურსი“, – ნათქვამია განცხადებაში.
გაერო-ს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური დირექტორის მოადგილის ფილიპე კორის თქმით, დაუშვებელია, ბავშვები და მოზარდები დადგნენ იმ რისკის წინაშე, რომ კიდევ ერთი სასწავლო წელი გაუცდეთ.
„პანდემია არ დასრულებულა. ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ, რომ ჩვენს რეგიონში სკოლები გაიხსნას. დაუშვებელია, ბავშვები და მოზარდები დადგნენ იმ რისკის წინაშე, რომ კიდევ ერთი სასწავლო წელი გაუცდეთ. ვაქცინაცია და დამცავი ზომები ერთად დაგვეხმარება, რომ აღარ მოგვიწიოს პანდემიის ბნელ დღეებში დაბრუნება, როცა ადამიანებს ლოკდაუნის, ბავშვებს კი სასწავლო პროცესის შეფერხების ატანა უწევდათ. ბავშვები პანდემიის ჩუმი მსხვერპლი არიან და მათმა ყველაზე დაუცველმა ჯგუფებმა ყველაზე დიდი დარტყმა მიიღეს. კორონავირუსის პანდემიამდე რეგიონის ყველაზე დაუცველი ბავშვები სკოლაში ისედაც არ დადიოდნენ, ან თუ დადიოდნენ, თავიანთ თანატოლებს სწავლაში ჩამორჩებოდნენ“, – აცხადდებს ფილიპე კორი.
სკოლების ღიაობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, გაერო-ს ბავშვთა ფონდმა და იუნესკო-მ დაამტკიცეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის ტექნიკური მრჩევლების ჯგუფის მიერ „კოვიდ-19“-ის დროს სასკოლო სასწავლო პროცესისთვის შემუშავებული რვა რეკომენდაცია. აღნიშნული რეკომენდაციები განკუთვნილია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონის 53 წევრი ქვეყნისთვის, რაც შემდეგს ითვალისწინებს:
1. სკოლები უნდა იყოს პირველი, რომლებიც გაიხსნება და ბოლო, რომლებიც დაიხურება; 2. შემუშავდეს ტესტირების სტრატეგია; 3. შემუშავდეს რისკის შემცირებისთვის საჭირო ქმედითი ზომები; 4. დაცული იქნას ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობა და სოციალური კეთილდღეობა; 5. დაცული იქნან ყველაზე მოწყვლადი და მარგინალიზებული ბავშვები; 6. გაუმჯობდეს სასკოლო გარემო; 7. ბავშვები და მოზარდები ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში; 8. აქტიურად განხორციელდეს ვაქცინაცია, რათა ბავშვები სკოლებში შევინარჩუნოთ.











