საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი 13-14 ივლისს ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა.
საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს ნატოსა და ევროკავშირში. კერძოდ, დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში, სადაც სიტყვით მიმართავს ნატო-ს წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს.
დავით ზალკალიანი ასევე შეხვდება ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, მირჩა ჯოანას. სხდომაზე განხილული იქნება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგი, ასევე მინისტრი ისაუბრებს პანდემიის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და დღეს არსებულ ვითარებაზე.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს ევროკავშირსა და ევროპარლამენტში, მათ შორის შეხვდება სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელს, ასევე შეხვედრა გაიმართება ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომხსენებელთან სვენ მიქსერთან.
აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში ეს გახლავთ პირველი მაღალი დონის ვიზიტი საქართველოდან.











