„ნაციონალურ მოძრაობას, როგორც ჩანს, უნდა 2012-წლამდე ვითარების დაბრუნება“, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად წარდგენას.
„ევროპული საქართველოს პოზიცია არის ძალიან მკაფიო, ივანიშვილსა და მის გარემოცვას სურს დღევანდელი ვითარების, ამ ჩიხის, ამ კატასტროფის შენარჩუნება, რომ ჰქონდეს სრული ძალაუფლება და ფეხებზე ეკიდოს ხალხი.
ნაციონალურ მოძრაობას, როგორც ჩანს, და დღევანდელი ნაბიჯითაც დადასტურდა, უნდა 2012-მდე ვითარების დაბრუნდება. ევროპულ საქართველოსა და ჩვენს ქვეყანას სჭირდება ცვლილებები“ – განაცხადა ბოკერიამ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა 27 აგვისტოს განაცხადა, რომ ბრუნდება. გუშინ კი, საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა, რომ დღეს დაბრუნების გეგმას წარადგენს.
ამასთან, გრიგოლ ვაშაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძალა ერთობაშიას“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება.











