დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა დოლიძე ინიციატივით გამოდის, რომ საარჩევნო ჯიხურში მობილური ტელეფონის შეტანა აიკრძალოს.
როგორც ანა დოლიძე ამბობს, ხელისუფლება ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენს და მოქალაქეებს სთხოვენ, არჩევნების დღეს, შემოხაზულ საარჩევნო ბიულეტენს ფოტო გადაუღონ და კოორდინატორებს გაუგზავნონ.
„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვატარებთ ინტენსიურ კარდაკარს და ყოველდღიურად ვისმენთ ძალიან ბევრი მოქალაქის წუხილს, როგორც ჩანს უმთავრეს ბერკეტად, რომელიც რჩება ხელისუფლებას იმისთვის, რომ გააკონტროლოს ამომრჩევლის ნება და მოახდინოს ამომრჩეველზე ზეწოლა, კორპუსის მაცხოვრებლებზე, ამხანაგობების თავმჯდომარეებზე ე.წ ძველი ბიჭების მეშვეობით, ბაღის თანამშრომლებზე, სკოლის, ბაღის თანამშრომლებზე, საჯარო სამსახურის თანამშრომლებზე – ეს არის მოთხოვნა, რომ მათ გადაუღონ სურათი საარჩევნო ჯიხურში, შემოხაზულ ბიულეტენი და ეს სურათი გააგზავნოს შესაბამის ადგილას.
ამ მოთხოვნაზე საუბრობს ყოველი მეორე ამომრჩეველი და ამ შიშზე, რომ მათ აქვთ სურვილი თავისუფლად გამოხატონ ნება , მაგრამ უძლურნი არიან ზეწოლის აი ამ ბერკეტის წინაშე.
შესაბამისად, ძალიან მარტივია, თუ ხელისუფლებას აქვს რეალური სურვილი , რომ ასეთი არაპირდაპირი მეთოდით არ მოახდინოს ზეწოლა ამომრჩეველზე მარტივია ამ საკითხის გადაწყვეტა იმის მეშვეობით, რომ საარჩევნო ჯიხურში აკრძალოს მობილური ტელეფონის შეტანა. ასეთი ვითარებაში ყველა ამომრჩეველს ეხსნება შიში საკუთარი მეზობლების, ამხანოგობის თავმჯდომარის, ძველი ბიჭების, სკოლის და ბაღის დირექტორების და სხვა გავლენიანი პირების წინაშე, რომ ანგარიში ჩააბაროს რომელი ნომერი შემოხაზა ბიულეტენზე. ჩვენ ამით გავათავისუფლებთ თვითონ ამომრჩეველს აი ამ ზეწოლის ბერკეტისგან“, – განაცხადა ანა დოლიძემ.











