კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის უსაფრთხოება მთავარი პრიორიტეტია,- ასე გამოეხმაურა WHO AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური გამოცდის დროებით შეჩერებას. ინფორმაციას ამის შესახებ reuters-ი ავრცელებს.
„ის, რომ სისწრაფეზე ვსაუბრობთ, არ ნიშნავს, რომ უნდა წავიდეთ კომპრომისზე ან გვერდი ავუაროთ იმას, რასაც ჩვეულებრივ გარემოებებში აუცილებლად გადავამოწმებდით. ეს პროცესი უნდა ჩატარადეს მკაცრი წესების გათვალისწინებით. უპირველეს ყოვლისა უნდა მოხდეს იმ წამლების და ვაქცინების უსაფრთხოების შემოწმება, რომლებსაც ხალხს ვაწვდით“,- განაცხადა ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სოუმია სვამინათანმა.
შეგახსენებთ, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მიმდინარე საბოლოო კლინიკური ცდები შეწყდა.
კლინიკური ცდების შეწყვეტის მიზეზი ერთ-ერთ მონაწილესთან გამოვლენილი გვერდითი რეაქცია გახდა.
AstraZeneca-ს განმარტებით, ეს არის ცდების ჩვეულებრივი დაპაუზების შემთხვევა, რისი მიზეზიც „აუხსნელი დაავადებაა“.
ცნობისათვის, AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ ვაქცინას ერთ-ერთ სერიოზულ კანდიდატად განიხილავენ, იმ პოტენციურ ვაქცინებს შორის, რომელზეც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობენ.











