NY times-ის ინფორმაციით, რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი უკვე ესაუბრა გერმანიის პროკურატურის წარმომადგენელს, რომელთანაც განაცხადა, რომ რუსეთში დაბრუნებას გეგმავს, როგორც კი ამას შეძლებს.
„მან სრულად იცის თავისი მდგომარეობა, სრულად იცის, რა მოხდა და იცი, სად იმყოფება“,- განუცხადა გამოცემას გერმანიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, ექიმებმა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ხელოვნური კომიდან რამდენიმე დღის წინ გამოიყვანეს.
გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ ბერლინის საავადმყოფოში მყოფი რუსი ოპოზიციონერის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
ექიმების თქმით, ალექსეი ნავალნის უკვე შეუძლია, დამოუკიდებლად წამოდგეს ლოგინიდან.
შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში თვითმფრინავით მგზავრობისას, ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად, ომსკში დაეშვა, სადაც ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს.
22 აგვისტოს ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს.
2 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა და დაადასტურა, რომ ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტითაა მოწამლული.











