„საქართველომ შეძლო მწვანე ქვეყნის სტატუსის მოპოვება და საერთაშორისო არენაზე ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტურისტული ქვეყანაა დღეს“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს ფაქტორი იძლევა საშუალებას, რომ პოსტკრიზისულ პერიოდში ქვეყანამ ეკონომიკური განვითარების ახალი ეტაპი დაიწყოს.
„პოსტკრიზისულ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მსოფლიოსთვის სწორედ ტურიზმის აღდგენის ტენდენცია იქნება და ჩვენი სურვილია, ამ პროცესში ვიყოთ პიონერები, რის საფუძველსაც გვაძლევს ტურისტულ სექტორში უსაფრთხოების კუთხით დაგროვილი გამოცდილება. ჩვენ ვფიქრობთ, ტურიზმის სექტორში საქართველოსთვის პოსტკრიზისული ეპოქა უნდა იყოს შესაძლებლობა და გვინდა, ეკონომიკური კრიზისი, პანდემია ქვეყნის ტურიზმის განვითარებისთვის ვაქციოთ შესაძლებლობად. დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს და ღონისძიება წარმატებით ჩაივლის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.











