საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, სავალდებულო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.
სამინისტროს ცნობით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქალთა სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინეს, დეზინფორმაციაა.
„საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში მინისტრის მიერ გაკეთებულ მოხსენებაში საუბარი იყო ქალთა როლსა და მონაწილეობაზე თავდაცვის ძალების საქმიანობაში და ამ კუთხით მიღწეულ პროგრესზე. ასევე, სამინისტროს მიერ ქალებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობების შექმნაზე, რათა მათ სურვილისამებრ შეძლონ ქვეყნის სამსახურში ყოფნა თავდაცვის ძალების შემადგენლობაში.
შესაბამისად, ქალთა სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ რაიმე ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბარი არ ყოფილა და არც იგეგმება“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.











