ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველო რომ აქამდე მინიმალური ზიანით მოვიდა, სწორედ ადრეული რეაგირებისა და უწყებათაშორისი კომუნიკაციის დამსახურებაა და არა გაუმართლებლად მკაცრი და ხანგრძლივი „ლოკდაუნების“.
„რეალურად შემაკავებელი ეფექტი იყო გამოწვეული ორი ფაქტორის ზემოქმედებით, ერთი იყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადრეული რეაგირება, როდესაც პირველივე შემთხვევას ყველა კონტაქტზე მიჰყვებოდნენ და ცდილობდნენ ჩაეჭრათ შემდგომი გავრცელებები, ამან მოგვცა შედეგი და ეს იყო ჩვენი გაზაფხული – ზაფხულის წარმატების მიზეზი და მეორე იყო უწყებათაშორისი კოორდინაცია, როდესაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებმა დაარწმუნეს მთავრობა, თავისი კომპეტენციითა და სახელმწიფოებრივი აზროვნებით, რომ ამ ზომების მიღება იქნებოდა სწორი.
ძალიან ჯიუტი რამე არის ციფრები, ვერსად ვერ წავუვალთ, ჩვენ რომ აქამდე მინიმალური ზიანით მოვედით, სწორედ ადრეული რეაგირებისა და უწყებათაშორისი კომუნიკაციის დამსახურებაა და არა გაუმართლებლად მკაცრი და ხანგრძლივი ლოკდაუნების. ხაზს ვუსვამ, მკაცრი ლოკდაუნები არ არის ისეთი შემაკავებელი ფაქტორი, როგორიც მიზანმიმართული შეზღუდვები და ეს „ტრიადა“- ნიღაბი, ხელის დაბანა, დისტანცირება,“- განაცხადა სერგეენკომ გადაცემა „ნიუსრუმის“ ეთერში.
სერგეენკოს განცხადებით, კორონავირუსმა თვისებები იცვალა და ახლა ის უფრო დამაზიანებელი გახდა ახალგაზრდა პოპულაციისთვის. თავად ის ფაქტორი, რომ ახალგაზრდებს ვირუსი უფრო ხშირად ხვდებათ, ვირუსის გაზრდილი რაოდენობის განმაპირობებელია.
„გლობალურად, სამწუხაროდ, ჯერადობით იმაზე უფრო მეტად იზრდება შემთხვევების რაოდენობა, ვიდრე საქართველოში და საქართველოც ზრდის ტემპით უკვე რეგიონს გაუტოლდა. საქართველოც რეგიონის ნაწილია და ვერსად ვერ წაუვა. გლობალური მიზეზები არის ის, რომ ვირუსი იცვლის თვისებებს, ის უფრო დამაზიანებელი გახდა ახალგაზრდა პოპულაციისთვის, უფრო მეტ ახალგაზრდას ემართება მთელ მსოფლიოში და ეს არის რაოდენობის ზრდის განმაპირობებელი.
ის, რომ კრიტიკული პაციენტების რაოდენობა და სიკვდილობა შემცირდა პროცენტულად, არა ამ ვირუსის მავნებლობის გამოა, არამედ გააზავა შემთხვევების გაზრდილმა რაოდენობამ ახალგაზრდა პოპულაციაში,“ – განაცხადა სერგეენკომ.











