ომი თუ გაგრძელდება, სომხეთის არმიას გავანადგურებთ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.
ალიევის განცხადებით, რაც მალე შეწყვეტს ომს სომხეთი, მით უფრო მეტ სამხედრო ტექნიკას შეინარჩუნებს.
„ყველაფერი რომ შევაფასოთ, რაც ამ დროის განმავლობაში გავანადგურეთ, 1-2 მილიარდი დოლარის ღირებულების იქნება. ისმის კითხვა – ღარიბო სომხეთო, სად გქონდა ამდენი ფული? ეს ფულით იყიდე? – არა. შენ ეს მოგცეს. ვინ მოგცა, ყველამ იცის. ომი თუ გაგრძელდება, ჩვენ მათ მთელს არმიას გავანადგურებთ. ამიტომ რაც უფრო სწრაფად შეწყვეტენ ომს, მით უფრო მეტ ტექნიკას შეინარჩუნებენ.
რუსეთს სომხეთში სამხედრო ბაზა აქვს, იქ ხუთი ათასი სამხედრო იმყოფება. აქვს თურქეთს აზერბაიჯანში სამხედრო ბაზა? არა. სომხეთის საზღვარს ირანთან და თურქეთთან რუსი მესაზღვრეები იცავენ. არიან აზერბაიჯანის საზღვარზე თურქი მესაზღვრეები? არა. ამიტომ მოდი ნურავინ დაგვადანაშაულებს“, – განაცხადა ალიევმა.
ცნობისთვის, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელსაც სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში მიაღწიეს, 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან მოქმედებს.
მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა, ყარაბაღში შეტაკებები გრძელდება.











