ცოტა ხნის წინ სომხეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ კაპანში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ამის შესახებ „სპუტნიკ არმენია“ იტყობინება.
მანამდე საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, „სირენების“ ხმა გაისმა ქალაქებში გორისსა და მეგრისში.
მოგვიანებით უწყებაში განაცხადეს, რომ ნამდვილი განგაში კაპანში იყო, დანარჩენ ორ ქალაქში კი ტექნიკური გაუმართაობის გამო მოხდა ინციდენტი.
სამივე ქალაქი ყარაბაღის კონფლიქტის ზონასთან ახლოს მდებარეობს.
განგაში გამოცხადდა თვითგამოცხადებული ყარაბაღის დედაქალაქ სტეპანაკერტშიც. რუსული მედიის ცნობით, ქალაქის განაპირას აფეთქებების ხმა რამდენჯერმე გაისმა.











