კახეთის სამ მუნიციპალიტეტში სახელოვნებო და სპორტული სექციების მუშაობა შეწყდა. გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების რეკომენდაციით მიიღეს. ამის შესახებ, კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი შიოშვილმა განაცხადა.
„ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით გადაწყდა, რომ კახეთის კიდევ სამ მუნიციპალიტეტში, სიღნაღში, ყვარელსა და გურჯაანში, გუნდური მეცადინეობები შეწყდება. თელავში გადაწყვეტილება რამდენიმე დღით ადრე იყო მიღებული. კონკრეტულ ვადას ჯერ ვერ დაგისახელებთ, აქაც ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებზე ვიქნებით დამოკიდებული“, – განაცხადა შიოშვილმა.
დღეს კახეთში კორონა ვირუსის 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებას კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











