მზად ვართ, ხვალაც კი შევწყვიტოთ საომარი მოქმედებები, თუ სომხეთი კონსტრუქტიულად მოიქცევა,- ამის შესახებ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა TASS-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენი ბრალი არ არის ის, რომ სიტუაცია დღემდე ცხელ ფაზაშია. არაერთხელ განვაცხადე, რომ აზერბაიჯანი მხარს უჭერს დარეგულირების იმ პრინციპებს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მოლაპარაკებების პროცესის ფარგლეში გამომუშავდა. მზად ვართ, ხვალაც კი შევწყვიტოთ საომარი მოქმედებები, თუ სომხეთი კონსტრუქტიულად მოიქცევა, თუმცა ის განცხადებები, რომელსაც ოფიციალური ერევანი აკეთებს, ეუთოს მინსკის ჯგუფის მიერ შემუშავებულ ძირითად პრინციპებს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
ალიევი აცხადებს, რომ ოფიციალური ბაქო მზად არის, სომხურ მხარესთან მოლაპარაკებები მოსკოვში ან ნებისმიერ სხვა ადგილას გამართოს.
შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა 27 სექტემბრიდან დაიძაბა.
9 ოქტომბერს აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.
მათ შორის კიდევ ერთი სამშვიდობო შეთანხმება ძალაში 18 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 00:00 საათზე შევიდა.
თუმცა, ის კვლავ დაირღვა და აზერბაიჯანი და სომხეთი ამაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ











