დღეს საპარტნიორო ფონდმა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, რომელიც ყველაზე დიდი კოვიდმიმღები კლინიკაა აჭარაში, საჩუქრად 10 ათასი ცალი პირბადე გადასცა.
როგორც საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე აცხადებს, ამ ეტაპზე უკვე დაახლოებით 100 ათასი პირბადე დაარიგეს სხვადასხვა კლინიკაში და მსგავს აქციებს კვლავ განახორციელებენ.
„ურთულესი პერიოდია დღეს საქართველოში. ძალიან უჭირს სამედიცინო სექტორს. საპარტნიორო ფონდი აგრძელებს აქციას. იმ კლინიკებს, სადაც კოვიდპაციენტები იმყოფებიან, გადავცემთ ყველაზე მაღალი დაცვის მქონე პირბადეებს, რომელსაც საპარტნიორო ფონდის დახმარებით ქართული კომპანია აწარმოებს. ეს არის 99 პროცენტზე მაღალი დაცვის პირბადე.
გარდა აჭარისა ჩვენ რუსთავში, თბილისის სხვადასხვა კლინიკაში, რაჭა-ლეჩხუმსა და სხვა რეგიონებში, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავეხმაროთ ამ ურთულეს პირიბებში სამედიცინო სექტორს. დიდი მადლობა რესპუბლიკური კლინიკის ხელმძღვანელებსა და მედპერსონალს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად”-განაცხადა დავით საგანელიძემ.
ავტორი: ნაირა ქობულაძე









