საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით ჩვენ არ ვმსჯელობთ, – ასე უპასუხა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, „პრაიმტაიმის“ შეკითხვას, რამდენად რეალისტურად მიაჩნია მთავრობას ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინება.
„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით ჩვენ არ ვმსჯელობთ. ვინაიდან არ ვთვლით, რომ ამ ეტაპისთვის, ეს საჭიროა. რაზეც ჩვენ ვმუშაობთ, ეს პროტოკოლებია. ჩვენ ვმუშაობთ და ვმსჯელობთ პროტოკოლებზე, რაშიც ვგულისხმობთ, როგორც სტაციონალიზაციის პროტოკოლს, ასევე გაწერის პროტოკოლს, რათა ნაკადების მართვა საავადმყოფოფების და კოვიდსასტუმროების დონეზე იყოს მეტად უფრო აქტიური და ამასთან დაკავშირებით ვმუშაობთ. ასევე ჩვენ შევიმუშავეთ არა ერთი პროტოკოლი ოჯახის ექიმებისთვის და ბოლო დღეებში ალბათ, ყველა ჩვენი მოქალაქე გრძნობს, თუ რამდენად გააქტიურდა ოჯახის ექიმების ჩართულობა მათი მართვის კომპონენტში და ჩვენ კიდევ ვდგამთ დამატებით ნაბიჯებს, რომ თითოეული მოქალაქე იყოს მისი პერსონალური ოჯახის ექიმის მხრიდან მართული,“ – განაცხადა ტიკარაძემ.
მისივე თქმით, „წითელი ზონა“ სამედიცინო სექტორისთვის მიუთითებს მეტ მზაობას, მეტ მობილიზაციას და მეტად აქტიურ მართვას.
ცნობისთვის, საქართველოში დღეს კორონავირუსის 1872 შემთხვევა დაფიქსირდა.











