რა სახის მსჯავრი დაეკისრებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც გადაადგილების შეზღუდვას არ ემორჩილებიან და 22:00 საათის შემდეგ, ქუჩაში ან ღია სივრცეში იმყოფებიან? – ამ კითხვით “პრაიმტაიმნიუსი” შსს-ს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში განმარტავენ, მოხდება კანონდამრღვევთა იდენტიფიცირება, მათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ – ფიზიკური პირები 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირები 10 000 ლარით დაჯარიმდებიან.
“მოგიწოდებთ დაემორჩილოთ დადგენილ რეგულაციებს, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით აკრძალულ ქმედებას და იწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით ფიზიკური პირებისათვის, ხოლო 10 000 ლარით იურიდიული პირებისათვის.
შესაბამისად, ვინც არღვევს დადგენილ რეგულაციებს, ხდება მისი იდენტიფიცირება და დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 2000 ლარიანი ჯარიმის სახით.”- აცხადებენ შსს-ში.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის N670 დადგენილებით ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში აიკრძალა 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.











