გუშინ ჩვენ ვინ ვიხილეთ ცესკოს სხდომაზე მთავარი მოქმედი პირი ხათუნა გოგორიშვილი, რომელმაც გურიაში აიღო 3 700 ხმა, ის იყო კანდიდატი. ეს არის ადამიანი რომელიც გუშინ კიოდა სხდომაზე… მე არ მინდა მას ექსტრემისტი ვუწოდო, ერთი-ორი ნაბიჯი კიდევ აქვს გადასადგმელი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მეოთხე ნომერმა თეა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.
წულუკიანის თქმით, მისთვის ხათუნა გოგორიშვილის ლოგიკა გაუგებარია.
„3 700 ხმა აიღო ადამიანმა გურიაში, თითქმის 10-ჯერ მეტი ხმა აიღო ჩვენმა კანდიდატმა. ასევე არის სხვა მაგალითები, იგივე ბატონი თარხნიშვილი, რომელიც შეეჯიბრა ხოჯევანიშვილს შიდა ქართლში, მან აიღო სულ რაღაც 2 200 ხმა… შესაბამისად გაყალბებაზე საუბრობენ იქ, სადაც არც არგუმენტი აქვთ და უბრალოდ ციფრებიც სასაცილოა. ესე იგი რას ნიშნავს, რომ ხათუნა გოგორიშვილს 10-ჯერ მეტი ხმა მოპარა ჩიგოგიძემ? ეს ხომ არ არის ელემენტარული არითმეტიკაც კი. ახლა თამარ ჟვანიას უნდა ვუთხრათ, რომ შენ ხარ საძაგელი და არ იცი, რომ 35 000 ხმა ჩიგოგიძის ნაკლებია, ვიდრე გოგორიშვილის 3 700 ხმა. ეს ჩვენ შეგვიძლია ვუთხრათ თამარ ჟვანიას, თუ ვართ პოლიტიკური ექსტრემისტები და საფლავში ვეძებოთ მისი არითმეტიკის მასწავლებელი“, – აღნიშნა წულუკიანმა.
წულუკიანის განცხადებით ხათუნა გოგორიშვილს ხმების ხელახლა გადათვლა არ სურს. „ოპოზიციას სურს ხელისუფლებაში ხალხის ნების საწინააღმდეგოდ დაბრუნება“, – აღნიშნა წულუკიანმა.











