„ჩვენ მეგობრებს აწუხებთ პოლიტიკური კრიზისი, რომელიც შექმნილი ქვეყანაში და მსჯელობენ გამოსავალზე. ეს იყო ჩვენი განხილვის საგანი“,- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, მათი პოზიცია ურყევი და ეს შეხვედრაზე ელჩსაც აუხსნეს.
„ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ ყველამ იმისთვის, რომ გამოვიდეთ ამ კრიზისიდან. ამ შემთხვევაში გაუცხოება და ერთმანეთთან დაპირისპირება არ არის გამოსავალი.
ჩვენი პოზიცია არ დაგვიმალავს. ჩვენი ღრმა რწმენით, ერთადერთი გამოსავალი არის ახალ არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმება. „ქართულ ოცნებას“ უნდა ესმოდეს, რომ დაპირისპირება და ოპოზიციის უგულებელყოფა მხოლოდ აღრმავებს კრიზისს.
ჩვენი ბოიკოტი არის იძულებითი ნაბიჯი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ყველა სარჩელი იქნა უგულებელყოფილი. და ეს ბოიკოტი არის იმისთვის, რომ მომავალში აღარ ჩატარდეს მსგავსი არჩევნები.
მეორე ტურში მონაწილეობას არ ვიღებთ. „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ მეორე ტურს დაეკარგა აზრი“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, დღეს ევროკავშირის ელჩს ოპოზიციური პარტიები ხვდებიან.











