„დღეს უკვე ყველასთვის გასაგები გახდა ვინ არის 8 მარტის შეთანხმების მომხრე და ვინ არის პოლიტიკურ სპეკულაციებში ჩართული“,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, კანონპროექტს დღესაც სრული მხარდაჭერა ექნება.
„ჩვენ პირველი მოსმენითაც მხარი დავუჭირეთ ინიციატივას და ახლაც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სრული მხარდაჭერა ჰქონდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე იქნება.
რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“. ჩემთვის მისასალმებელი იყო ის, რომ მხარი პირველად დაუჭირეს, მაგრამ არსებობდა კითხვები და ეჭვები, რომ ეს მათი მხრიდან შეიძლება ყოფილიყო პოლიტიკური სპეკულაცია.
უყურეთ პირდაპირ ეთერს
როგორც ჩანს, ფიქრობდნენ, რომ მათი ხმების გარეშე ჩვენ ვერ შევძლებდით კანონპროექტის მხარდაჭერას. სხდომის დასრულების შემდეგ მათ გააკეთეს კიდეც განცხადებები, რომ მათ გადაარჩინეს პროექტი, მაგრამ საბედნიეროდ მათი ხმებიც გარეშეც შესაძლებელი იქნებოდა პროექტის მიღება. ეს გამოჩნდება დღესაც“,- აღნიშნა კახიანმა.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტში საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით უყრის კენჭს.











